weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართლში აღმოაჩინეს ირანის შაჰის ბეჭედი არამეული წარწერით

23:03 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

ქართლის უძველეს ნაქალაქარზე, ძალისში, ახ. წ. აღ. მე-3 საუკუნის პერიოდის ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც სპარსეთის შაჰის თავია გამოსახული არამეული წარწერით. ამ ინფორმაციას Qartli.ge არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელზე, გოდერძი ნარიმანიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

არქეოლოგის თქმით, დღეს აღმოჩენილი ბულა (ბეჭედი) კავკასიაში აღმოჩენილი სხვა ბულებისგან სწორედ ამით გამოირჩევა. ნარიმანიშვილი ვარაუდობს, რომ გამოსახულება ირანის შაჰინშაჰს შაპურ პირველს ეკუთვნის.

შაბურ I სასანიდთა დინასტიის მე-2 შაჰინშაჰი იყო 241-270 წლებში, სასანიანთა დინასტიისა და იმპერიის დამფუძნებლის არდაშირ I-ის ვაჟი. მისი მმართველობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა რომის იმპერიის დამარცხება იყო ედესის ბრძოლაში, რომლის დროსაც ტყვედ თვით იმპერატორი ვალერიანე ჩავარდა. შაბურის დროს დაიწყო კულტურის პროგრესი ირანში, აშენდა მრავალი სასახლე, ზოროასტრიზმის მიმდევართა ტაძრები.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღმოჩენილი თიხის ბულა ქართლის სამეფოს მე-3 საუკუნის ისტორიას მნიშვნელოვნად შეავსებს. ეჭვსგარეშეა, რომ საბეჭდავი შაჰის კანცელარიას ეკუთვნოდა და ძალისში აღმოჩენილი ბულით მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დალუქული", - ციტირებს Qartli.ge არქეოლოგის კომენტარს.

ძალისი - ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით და იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (Zalissa), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

1971-1976 წწ. ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი. აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვა.

ძალისის ნაქალაქარი ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით თარიღდება.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]