weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

18:10 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავეს, რეაბილიტაციას კი მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს. 

სახლ-მუზეუმის შენობა XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება. ნაგებობა თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა. მუზეუმში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სახლ-მუზეუმის შენობის არქიტექტურა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. მის მთავარ დასაცავ ფასეულობას წარმოადგენს თავდაპირველი გეგმარება, ხის ჭვირული აივნები, ბუხრები და განჯინები. ასევე სალოცავი ოთახი, რომელიც უნიკალურია. ეზოში განთავსებულია რვაკუთხა აუზი, რომელიც, როგორც ცნობილია, დიმიტრი ყიფიანის მოთხოვნით ააგეს. მისი რვაკუთხა ფორმა სიმბოლურია და უსასრულობის ნიშანთან ასოცირდება. 

„ნაგებობა პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი. მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ, ის ძლიერ შეიცვალა. გადაკეთდა როგორც ფასადები ასევე ინტერიერი. მიუხედავად ამისა თავდაპირველი შენობის კონტურის გარჩევა მაინც შესაძლებელია.

შენობის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია. განვითარებულია სხვადასხვა სახის დაზიანებები, რაც მის კონსტრუქციულ მდგრადობაზე უარყოფითად მოქმედებს“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. 

სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი 1990 წელს დაარსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]