weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ერეკლე მეფის ახლადგახსნილ მუზეუმში კანალიზაცია გასკდა და ნახატები დაზიანდა

11:31 ორშაბათი, 28 მაისი 2018

თელავში, ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა, საკანალიზაციო მილი გასკდა და ხელოვნების საცავში რამდენიმე ნახატი დაზიანდა. მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია და დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ შესაძლებლობა დაზიანების შედეგები ადგილზე ენახათ.

როგორ „რეგინფოს“ მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, საკანალიზაციო მილი სიმძიმისგან გაიღუნა, გამტარუნარიანობა დაკარგა, გასკდა და წყალი ხელოვნების საცავში დაიღვარა.

კოლექციიდან არაფერი დაზიანებულა. ქართველი მხატვრების 4-5 ნახატი დაზიანდა, დასველდა. ამოვიტანეთ და გავაშრეთ. დიდად ღირებული არ არის. შევატყობინეთ სამშენებლო კომპანია „ჯავას“ წარმომადგენლებს. გუშინვე ჩამოვიდნენ და დაზიანებული კანალიზაციის მილი აღადგინეს“, - აღნიშნა ურჩუხიშვილმა.

თელავში განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ამ კომპლექსს შეემატა მუზეუმი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა მოწყობილი და 65 000 ექსპონატია დაცული მის სივრცეში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაჰკანკალებდნენ თითოეულ ექსპონატს და დღევანდელ დღეს, უკვე მომავალ თაობას შემოუნახეს ეს ყველაფერი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი მუზეუმი და ტერიტორიის კეთილმოეწყო, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.

მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეში გამოიფინება: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო  აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები.

თელავის საკრებულოს ყოფილი წევრი, „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი ახლადრეაბილიტირებულ სამუზეუმო კომპლექსში არსებულ პრობლემებზე გახსნის დღიდან საუბრობს. მისი თქმით, მუზეუმში სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. „მუზუმის კელდების თბოიზოლაცია ცელოფნითაა გაკეთებული, საგამოფენო დარბაზში ელექტროენერგია დამაგრძელებლებით არის გაყვანილი, სასახლის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს, რკინის ჭიშკრებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხის ფიცრებია აკრული. არ არის რეაბილიტირებული მეფის აბანო და არჩილის კოშკი. შენობის ფასადზე თიხის ქოთნები აქვთ ზამბარებით მიმაგრებული. გალერეაში კი შიდა სივრცე იმდენად უხარისხო ხის მასალით აქვთ მოპირკეთებული, მოყვარული დურგალიც კი არ გამოიყენებს“, - აღნიშნავს ნიკა ვარდოშვილი.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]