weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მონოპოლია იაფი ინტერნეტის წინააღმდეგ

12:22 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017

საქართველოს რეგიონებში მცირე ოპერატორებს ხელი ეშლებათ მომხმარებლებს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი მიაწოდონ. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ მცირე ოპერატორებს მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ბოძების გამოყენების უფლებას არ აძლევს იმის გამო, რომ ეს უფლება ინტერნეტის მიმწოდებელი მსხვილი კომპანიისთვის, „დელტა კომმისთვის“ აქვს ექსკლუზიურად გადაცემული. „ენერგო პროს“ უარი რეგიონებში ასიათასობით ოჯახს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზღუდავს, მცირე ოპერატორების განვითარებას კი აფერხებს. ოპტიკური ინტერნეტი სამცხე ჯავახეთში 4%-ზე ნაკლებს აქვს, გურიაში 1%-ზე ნაკლებს, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 0.02%-ს.

ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, შემაღლებულ ადგილას დამონტაჟებული ეს ბოძი, ათზე მეტ იმერულ სოფელს უსადენო ინტერნეტს აწვდის. ეს გადამცემები, ციფრულ სიგნალად გარდაქმნილ ინტერნეტს ასხივებს, რასაც მომხმარებლები საკუთარი ანტენებით იღებენ და ციფრული სამყაროს კარიც იღება.

ზესტაფონიდან სამტრედიამდე გადაჭიმულ სოფლებს, უსადენო ინტერნეტს თითქმის 7 წელია ბესო წაქაძე აწვდის. 2010 წელს საკუთარი სოფლიდან კომპანია „სვირინეტით“ დაიწყო და დღეს 3000-მდე აბონენტს შპს „აირმაქსით“ ემსახურება. ბესო ამბობს, რომ უსადენო ინტერნეტის ე.წ. ვაიფაი გადამცემების დრო მიდის, მას უფრო სწრაფი - ოპტიკური ინტერნეტი ანაცვლებს.

„ვაიფაის გააჩნია ზღვარი თუ შეგვიძლია მივაწოდოთ 5 მგბ-მდე, ოპტიკით თითქმის განუსაზღვრელი ოდენობა. ჩვენ ვაიფაი ქსელით ბევრ დასახლებულს პუნქტს ვფარავთ, მაგრამ მაგათი სიჩქარე შეზღუდულია. ტელევიზიას ვერ ქაჩავს. ამასთან, აქ თუ 5 მეგაბაიტია, ოპტიკურით 100 მეგაბაიტამდე სიჩქარე შეგვიძლია მივაწოდოთ. იგივე ფასად შეგვიძლია 4 ჯერ, 5-ჯერ მეტი ტრაფიკის მიწოდება. მონტაჟის შემთხვევაში ვაიფაისთან შედარებით ორჯერ ნაკლები ღირს ოპტიკა“, – ამბობს ბესო წაქაძე.

ქალაქ ზესტაფონში უკვე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით ხდება ინტერნეტის მიწოდება. „აირმაქსს“ ზესტაფონის გამგეობამ ნება დართო ქალაქში არსებულ განათების ბოძებზე ოპტიკური კაბელი გაება. პრობლემა სოფლებში წარმოიშვა, სადაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ „ენერგო პრო-ჯორჯიას“ გააჩნია, რომელმაც „აირმაქსს“ ბოძების მიქირავებაზე უარი უთხრა.

„მივმართეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ თბილისის ოფისს, რომ იმერეთში გვინდოდა ოპტიკური ქსელის გაყვანა და მოეცათ მათ ბოძებზე კაბელის გაბმის უფლება. მივიღეთ წერილი, სადაც წერია, რომ ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვთ დადებული ერთ ფირმასთან, ეს არის „დელტა კომმი“ და მიგვემართა მათთვის, მივმართეთ „დელტა კომმს“. თუ ჩვენს კონკურენტ კომპანიას აქვს საშუალება, რომ გააკეთოს თავისი ინფრასტრუქტურა „ენერგო პროს“ ბოძებზე, ჩვენც ვითხოვთ ანალოგიურ უფლებას. დისკრიმინაციას ჰგავს ეს ყველაფერი, ერთ კომპანიას აძლევ ამის საშუალებას, მეორეს არა. სუფთა ბიზნესის კუთხით, თუ დელტა კომმი რაღაც თანხას იხდის, მეც ხომ გადავიხდი? ბიზნესის კუთხით უნდა აწყობდეს, მაგრამ უარს გვეუბნებიან“, – აღნიშნავს ბესო წაქაძე.

„აირმაქსის“ ოპტიკური კაბელის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოძებზე გაბმა ამ უკანასკნელისთვის ტექნიკურ პრობლემას არ ქმნის, 1 ბოძზე დაახლოებით 3 კილოგრამი სიმძიმის კაბელი ემატება.

უარი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს „აირმაქსისთვის“, რომელსაც სოფლებში ოპტიკური ინტერნეტის მისაყვანად საკუთარი ბოძების დადგმა უწევს. 1 ბოძი დაახლოებით 200 ლარი ჯდება, 1 კილომეტრში 30 ასეთი ბოძია საჭირო, რაც დაახლოებით 6 ათას ლარს აღწევს.

სოფლების დასაქსელად „აირმაქსს“ ათასზე მეტი ბოძი და ათეულობით კილომეტრი მაგისტრალი ჭირდება.

ზესტაფონის ზოგიერთ სოფელში „აირმაქსის“ ბოძები „ენერგო პროს“ ბოძებს მიუყვება, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მცირე კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების არამიზნობრიობაში.

„ენერგო-პროს“ უარით მომხმარებელი ზარალდება, ასეულობით ოჯახი ელოდება სწრაფ და იაფ ინტერნეტს.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ მთელ საქართველოში ბოძების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად კომპანია „დელტა კომმს“ გადასცეს. „დელტა კომმი“ კომპანია „მაგთიკომის“ საკუთრებაა. „მაგთი“ და მისი შვილობილი კომპანიები თავად არიან მთელ საქართველოში ინტერნეტის მიმწოდებლები და ბაზრის სოლიდურ წილს ფლობენ.

საეჭვოა ასეთ კომპანიას გაუჩნდეს სურვილი ექსკლუზიურად მიღებული სიკეთე, კონკურენტ მცირე ოპერატორებს გაუზიაროს. „მაგთიში“ კომენტარზე უარი გვითხრეს, წერილობით გაგზავნილ კითხვებზე არც „დელტა კომმიდან“ გვიპასუხეს.

„აირმაქსის“ და სხვა კომპანიების უფლებებს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია იცავს, რომელსაც უჩა სეთური ხელმძღვანელობს. უჩა ამბობს, რომ „ენერგო პრო ჯორჯიამ“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომუშავე ინტერნეტ ოპერატორს გაფართოებაში ხელი შეუშალა.

„ექსკლუზიურმა კონტრაქტმა პირდაპირ შეზღუდა „დელტა კომმის“ კონკურენტების საქმიანობა, განსაკუთრებით ეს შეეხო მცირე ოპერატორებს. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საშუალება გათხარონ მიწა, ჩადონ კაბელი. ამან მოიტანა ის, რომ კონკურენციას შეექმნა პრობლემები.

ამის ერთ ერთი მთავარი მიზანი არის, რომ გაიაფდეს კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, რომ არ იყოს ინტერნეტი ძვირი. მომხმარებელმა ვერ მიიღო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. ოპტიკურ ინტერნეტზე მიბმულია ტელევიზიის სერვისები, აქაც ვერ შეიქმნა კონკურენცია, ვერ დაიწია ტარიფებმა. ჩვენ ვერ განვვითარდით, ჩამოვრჩით ამ პროცესს რომელსაც ჰქვია ქვეყნის ინტერნეტიზაცია“, – ამბობს უჩა სეთური.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბოძებზე კაბელის გაბმაზე უარი მარნეულში მომუშავე კომპანია „აილინკსაც“ უთხრეს. „აილინკს“ მარნეულიდან ბოლნისამდე 2000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს. ძირითადად საჰაერო გადამცემით აწვდის ინტერნეტს, ოპტიური ქსელის გაფართოება უჭირს.

„ოპტიკას ჩვენ ვერ ვამუშავებთ, სხვა ფირმა არ გვაცლის მუშაობას. მაგალითად, სოფელ ჯანდარაში ჩვენ გავიყვანეთ ჩვენი კაბელი, მაგრამ მოვიდა კომპანია „დელტა“ რომელმაც შეგვიშალა ხელი, დაგვაძალა, რომ ჩვენი სტოლბები გავაკეთოთ. არ გვაცლის, რომ „ენერგო პროს“ სტოლბებზე გავიყვანოთ ჩვენი კაბელი. ჩვენ ვართ თანახმა გადავუხადოთ მაგათ ფული, მაგრამ არ უნდათ საერთოდ მაგ თემაზე საუბარი, ფული არ გვაინტერესებსო. ჩვენ გვინდა სხვა სოფლებშიც შევიდეთ, მაგრამ პატარა კომპანია ყველა სოფელში სტოლბებს ვერ გავაკეთებთ“, – ამბობს „აილინკის“ წარმომადგენელი რომა ამირასლანოვი.

„ენერგო პრო ჯორჯია“ საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ფარავს და მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება. გამონაკლისი კახეთია, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგიას სხვა კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აწვდის. ამ უკნანსკნელმა თელავში მომუშავე ინტერნეტ ოპერატორს კაბელის გაბმის უფლება მისცა. ინტერნეტ პროვაიდერი ამბობს,  რომ ამით ბევრმა ოჯახმა სწრაფი და იაფი ინტერნეტი მიიღო.

„ახალი ხელმძღვანელობა წამოგვყვა მოლაპარაკებაზე, გაგვიფორმეს ხელშეკრულება და ამჟამად გვაქვს საშუალება კახეთში ყველა ბოძზე გავიყვანოთ კაბელი. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, უკაბელო ინტერნეტზე 20 ლარიანი პაკეტით ვაწვდით 2 მგბტ-ს და ოპტიკურით 10 მგბ-ტს. 5-ჯერ სწრაფს ვაწვდით იგივე ფასში. ერთ აბონენტს შეიძლება დასჭირდეს 200 მეტრი კაბელი, რასაც სჭირდება 5-6 ბოძი, 700 ლარი, რასაც 1 აბონენტიდან ვერ ამოიღებ. ამიტომ შეუძლებელი იქნებოდა ოპტიკური კაბელის მიყვანა ყველა ოჯახში“, – ამბობს გიორგი კირვალიძე, კომპაია „ფრინეტის“ წარმომადგენელი.

რატომ ამბობს უარს „ენერგო პრო ჯორჯია“ ინტერნეტ ოპერატორებისგან დამატებითი შემოსავლების მიღებაზე? კომპანიაში ინტერვიუზე უარი გვითხრეს, განგვიმარტეს, რომ ამ კონტრაქტით „დელტა კომი“ „ენერგო პროს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო ინტერნეტსაც აწვდის და ექსკლუზიური კონტრაქტი მათი კომპანიის ინტერესს სრულად შეესაბამება.

„ენერგო პრო ჯორჯიასგან“ უარის მიღების გამო, მცირე ოპერატორები იძულებულნი არიან სხვადასხვა სახსრები გამოძებნონ და ინფრასტრუქტურა შექმნან. კომპანიებს დიდი დანახარჯის გაღება უწევთ, რაც საბოლოოდ მოსახლეობასაც აზარალებს.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა სხვა მხრივაც ზარალდება. კანონმდებლობით ენერგოკომპანიას როცა დამატებითი შემოსავლები ეზრდება, ამის გამო სემეკი მოსახლეობას დენის ტარიფს უმცირებს.

უჩა სეთური მიიჩნევს, რომ თავისუფალი კონკურენცია საფრთხეშია, რის გამოც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა.

„ეს არღვევს კანონს კონკურენციის შესახებ, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია იმგვარი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ზღუდავს კონკურენციას. ჩვენ სააგენტოს ამ ნაწილში ვთხოვდით რეაგირებას. მივიღეთ რამდენიმე შუალედური წერილი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს სემეკის საქმე იყო, თუმცა ბოლოს როცა დაუბრუნდა უკან არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, – აღნიშნავს უჩა სეთური, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი.

კონკურენციის საგეენტოში ინტერვიუზე უარი გვითხრეს.  წერილობით გვიპასუხეს, რომ სეთურის საჩივრის განხილვა კანონით მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

უჩა სეთური ამბობს, რომ დასავლეთ ევროპული ქვეყნების სტანდარტით, მსგავს სიტუაციაში კომპანიებს კანონი ავალდებულებს ინფრაქტრუქტურაზე თავისუფალი დაშვება უზრუნველყონ.

ვიდრე საქართველოში თავისუფალი დაშვება იქნება, სწრაფი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა ასიათასობით ოჯახს აქვს. კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, ოპტიკური ინტერნეტი უმრავლესად დიდ ქალაქებშია გავრცელებული, რეგიონებში კი სავალალო მდგომარეობაა.

კახეთში ოჯახების 16%-ს აქვს ოპტიკური ინტერნეტი, შიდა ქართლში 10%-ს, სამცხე ჯავახეთში 4%-ზე ნაკლებს, გურიაში 1%-ზე ნაკლებს, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 0.02%-ს.

ვიდრე მთავრობა და პარლამენტი მცირე კომპანიების ინტერესს გაითვალისწინებდეს, მოსახლეობის ნაწილს არ აქვს საშუალება იაფი და სწრაფი ინტერნეტი მიიღოს. რეგიონებში მომუშავე ინტერნეტ ოპერატორები ქსელს საკუთარი ძალებით ნელ–ნელა, მაგრამ მაინც აფართოებენ.

გიორგი მგელაძე, სტუდია „მონიტორი“

სტუდია მონიტორი

სტუდია „მონიტორი“ (www.monitori.ge) ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს, აშუქებს კორუფციის შემთხვევებს, იძიებს მაღალი რანგის ოფიციალური პირების საქმიანობას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. „მონიტორს“ მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]