weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

NYC მომხმარებლებს ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე აფრთხილებს

14:30 კვირა, 02 ივლისი 2017

ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს, მათ შორის სვანურ მარილს, უცხო სუნელს, მშრალ აჯიკას და ა.შ. ტყვიის მაღალი შემცველობა აქვს. სპეციალისტების განცხადებით, ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.

„ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა.

აღნიშნული სანელებლები მოიცავს: ყვითელი ყვავილი ან ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი ან სვანური მარილი; უცხო სუნელი ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი.

ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგიერთი საკვები შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, მაგრამ ის არ იყოს დასახელებული, როგორც ინგრედიენტი. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაყიდ ან იქიდან ჩამოტანილ სანელებლებს ექნება ტყვიის იმაზე მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ს მაღაზიებში ნაყიდ სანელებლებს.

ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში.

ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი.

ტყვიით მოწამლული მოზრდილებისა და ბავშვების უმეტესობა არც ავად გამოიყურება და არც ცუდად გრძნობს თავს. მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება იმის დადგენა, ადამიანი მოწამლულია თუ არა ტყვიით. თუ თქვენ შეიძინეთ ან მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე. თუ არ გყავთ ექიმი, დახმარების მისაღებად დარეკეთ 311-ზე. ნუ გამოიყენებთ ტყვიის მაღალი შემცველობის პროდუქტებს“, – ნათქვამია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. დოკუმენტი 2015 წლის 8 ივნისით არის დათარიღებული, თუმცა სააგენტო on.ge ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა 2017 წელსაც აღმოჩნდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო კი აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს და სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას.

„ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დამზადებული სანელებლები აშშ–ს გარდა ევროკავშირის ბაზარზეც გადის. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 17 500 კილოზე მეტი სუნელი გავიდა. ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის CBI-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში უცხოურ სუნელებზე მოთხოვნა მზარდია, რაც ევროპელი მომხმარებლის მიერ განსხავვებული გემოს საკვებისადმი ინტერესით აიხსნება.

 

მსგავს თემაზე:

ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო დოზა 2017 წელსაც აღმოჩნდა - NYC

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]