weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება

11:38 სამშაბათი, 06 მარტი 2018

იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს.

„პროექტის მიზანია იმ  მოცულობის განვითარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ სტანდარტიზებული, უნიფიცირებული ხარისხის მქონე ქართული პროდუქცია გავიტანოთ მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის და სხვა ბაზრები. ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთი იმერეთში, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - აღმოსავლეთში, რუსთავთან ახლოს აშენდება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმერეთის აგროზონის და ლოგისტიკური ცენტრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეგიონის განვითარებას და ეს იქნება, როგორც მეწარმეების წახალისებისთვის, ასევე ადგილზე სოციალური სურათის მნიშვნელოვანი შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„ეს პროექტი ასევე მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეალურად მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, საჭიროა უბრალოდ დიდი რაოდენობით და მაღალი, უნიფიცირებული სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. დღეს არსებული კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს და როგორც მოცულობის, ისე ხარისხის კუთხით დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, იმ რაოდენობით და იმ ხარისხით იყოს წარმოებული, რა რაოდენობა და ხარისხიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც სერიოზული პერსპექტივა ექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]