weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დუშეთიდან ფურისულას ყვავილი ექსპორტზე გერმანიაში გაიტანეს

14:30 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

დუშეთის რაიონში წარმოებული ფურისულას ყვავილი ექსპორტზე გერმანიაში გავიდა. ფურისულას ხანდოს ხეობაში კოოპერატივი „სომეჯი“ მოიპოვებს. ერთი კილოგრამი გამშრალი ფურისულას მისაღებად 5 კილოგრამი ნედლი ყვავილია საჭირო. გამშრალი ყვავილისგან ევროპაში მედიკამენტებს ამზადებენ.

კოოპერატივი „სომეჯი“ ფურისულას სოფელ წითლიანთკარში მდებარე საწარმოში ამუშავებს.

„სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლის მარიკა ზარანდიას ინფორმაციით, ევროპაში ექსპორტზე სოფლებში - ნიჩბისსა და შარახევში წარმოებული გამშრალი ფირისულაც გაიტანეს, საერთო ჯამში 130 კილოგრამი.

„ამ კოოპერატივების მიერ შეგროვილი და გამომშრალი ფურისულა საშუამავლო კომპანია „კახეთი ბიომ“ შეისყიდა, რომელმაც ფურისულა გერმანიაში გაიტანა. გერმანული კომპანია ფურისულას ყვავილს ბავშვის ხველების წამლის დასამზადებლად იყენებს. კოოპერატივი „სომეჯი“ ფურისულას ყვავილს ხანდოს ხეობაში, „ნიჩბურა 2015“ და „შარახევი 1“ კი ყვავილს მცხეთა-მთიანეთის ტყეებში კრეფენ“, - უთხრა „რეგინფოს“ მარიკა ზარანდიამ.

მისივე თქმით, სოფელ წითლიანთკარში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები კოოპერატივის შენობასთან ახლოს გაჰყავთ, რამაც შესაძლოა საწარმოს ზიანი მიაყენოს.

„მაღალი ძაბვის ხაზი კოოპერატივის თავზე არ გადადის, თუმცა საფრთხე ქვათა ცვენის, თუ სხვა სახით არსებობს. კოოპერატივთან ახლოს გაჰყავთ გზა, რის გამოც წამოსული ღორღი შენობის ეზოში შევიდა. მთავრობის დაპირებაა, რომ თუ კოოპერატივს ზიანი მიადგება, ზარალს აანაზღაურებენ“, - აღნიშნა მარიკა ზარანდიამ.

კოოპერატივი „სომეჯი“ 2015 წელს შეიქმნა. კოოპერატივი 15 წევრისგან შედგება, მათ შორის 10 ქალია. კოოპერატივისთვის ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ ააშენა და შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები გადასცა. „სომეჯი“ ერთადერთი კოოპერატივია, რომელიც ხანდოს ხეობაში მდებარეობს.

კოოპერატივის საქმიანობა ტყის არამერქნული პროდუქტების - კენკრის, ველური მცენარეების, ველური სამედიცინო ბალახების, შეგროვება-გაშრობა-დაფასოება, ხილის ჩირის, ტყლაპის დამზადებაა. ფირისულას გარდა საწარმოში ასკილს, გვირილას, დეკას, ზღმარტლს, თავშავას, კუნელს, მაჟალოს, მთის პიტნას, მრავალძარღვას, პანტას, ტყემას, შინდს და ჭინჭარს ამუშავებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]