weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

17:40 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე 60 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. დღესვე ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მოთხოვნა წარადგინეს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ, ჟურნალისტები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას, მისი ადვოკატის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები.  ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხთარლის ჯანრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლები. თავად მუხთარლიმ ადვოკატს განუცხადა, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად და ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა. ეს ფაქტები არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში. ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი. გამოძიება კი ჭიანურდება. უფრო მეტიც, აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია.

ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და როგორ გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე? ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე 21-ე დღეა. ჩვენ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბატონო პრემიერო, ჩვენ, ჟურნალისტები, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ამ საკითხებზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია”,- აღნიშნულია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ მოთხოვნაში.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი აღმოჩნდა, რომ ბაქოში იყო დაკავებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანელებს გადასცეს. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, მუხთარლი ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აფგან მუხთარლის ბაქოში წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

საქართველოში მუხთარლის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა, რომ საქმე პროკურტურამ გამოიძიოს. მისივე თქმით, ჟურნალისტის გატაცებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, გამოძიებას მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. მისი თქმით, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე, რომლებმაც საქმის შესახებ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]