weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დისკრიმინაციული მოთხოვნა აბიტურიენტებისთვის თეატრალურ უნივერსიტეტში

19:38 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

სახალხო დამცველი ეხმიანება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსისთვის დადგენილ წესებსა და მოთხოვნებში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის I ტურში მოწმდება აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

„მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანთან და პიროვნულ განვითარებასთან“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ამოიღოს დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნებიდან დისკრიმინაციული ჩანაწერი და დაიცვას თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი აბიტურიენტის მიმართ.  

პროექტმა „ქალები საქართველოდან“ 19 ივნისს გამოაქვეყნა 26 წლის ნუცა გოგალაძის ბლოგი, სადაც გოგონა აღნიშნულ პრობლემაზე ყვება.

„თამაშის დროს თვალში „შპრიცი“ შემერჭო 4 წლის ასაკში...

შემდეგ ექიმებმა და ექთნებმა დაუშვეს სხვადასხვა შეცდომა, შედეგად კი 9 წლის ასაკში მთლიანად დავკარგე მხედველობა ცალ თვალში და საჭირო გახდა პროთეზირება. იმდენად პატარა ვიყავი და ჩემი მშობლებიც ისე მზრდიდნენ, რომ არ მიფიქრია და ვერ ვხვდებოდი, ეს რაიმე სერიოზულ პრობლემებს თუ შემიქმნიდა ცხოვრებაში. არც კომპლექსებს შევუწუხებივარ, სანამ არ გავიზარდე და თეატრალურში ჩაბარება არ გადავწყვიტე.

გამოცდისთვის ყველაფერი მოვამზადე და პირველ ტურზე გავედი. მომისმინეს. მერე დამიძახეს და მათ წინ, მაგიდასთან დაჯდომა მთხოვეს. დავჯექი. მახსოვს ჩემთან ძალიან ახლოს მოჰქონდათ სახე, თვალებში დაჟინებით მაკვირდებოდნენ და შემდეგი კითხვებით მომმართავდნენ გამოცდაზე - „რა გჭირს?“, „ელამი ხომ არ ხარ?“ და ა.შ. მე ამაზე საშინელი ისტერიკა დამემართა. ამაზე დამშვიდება დამიწყეს... ნუ, ამ ყველაფრის მერე აღმოჩნდა, რომ პირველივე ტურიდან არ გამაგდეს და მეორში გადავედი. მეორე ტურს თავად ესწრებოდ ის რეჟისორი, რომელსაც ჯგუფი აყავდა.

პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ვიგრძენი ასე ცხადად, რომ მე ამ საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრი არ ვარ. საშინელი პროტესტი გამიჩნდა ამის მიმართ - მე ჩემს ქვეყანაში ვარ, აქ მინდა სწავლა, აქ მინდა ცხოვრება და კარიერული ზრდის გაგრძელება... მოხდა ისე, რომ მყველას ყველაფერი გამოკითხეს - პროზა, ლექსი, იგავ-არაკი, ცეკვა, სიმღერა და მე მითხრეს, რომ მხოლოდ იგავ-არაკი უნდა მომეყოლა. საერთოდ, არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მის ყველა წარუმატებლობას თვალზე არსებულ პრობლემას უკავშირებს. ასე ცხოვრება ჩემთვისაც უფრო ადვილია, რადგან არ მინდა მუდმივად თავი დავიკომპლექსო მსხვერპლის როლში ყოფნით. მაგრამ, თეატრალურში გამოცდების პროცესი, სადაც მხოლოდ იგავ-არაკის მოყოლის ნება დამრთეს და ისიც მეორე სიტყვაზევე შემაწყვეტინეს, ცხადად ასახავდა, რომ მათთვის მე არასრულფასოვანი ადამიანი ვიყავი. შეწყვეტილი იგავ-არაკის ხელახლა დაწყება ოთხჯერ მთხოვეს შემდეგი სიტყვებით - „ხომ ხედავ, როგორ გეხმარებით?!“ ოთხჯერვე მეორე სიტყვაზე შემაწყვეტინეს. ბოლოს რეჟისორმა მითხრა - „მეტი რა ვქნა, მე ყველანაირად დაგეხმარეო“. ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი - „კიდევ კარგი ვერ ჩავაბარე და ახლა მის ჯგუფში არ ვარ!“. მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ მსგავსი დამოკიდებულებების ადამიანი, მე ვერაფერს მასწავლიდა. სწორედ ამის გააზრებამ გამომიყვანა მაშინდელი შოკიდან.

არ დავნებდი და მეორე წელსაც გავედი გამოცდებზე. ამ წელს უკვე სხვა რეჟისორი იყვანდა ჯგუფს. გამოცდებამდე მასთან მივედი და ვუთხარი, წინა წელსაც რომ ვაბარებდი, მაგრამ ბოლომდე არ გამომცადეს ამა და ამ მიზეზების გამო. ვთხოვე, თუ წელსაც ისევ არ გამომცდით, მაშინ საბუთებს აღარ შემოვიტან, ჩემს და თქვენს დროსაც ტყუილად აღარ დავკარგავ, ჩემი თვალი თქვენთვის თუა პრობლემა-თქო. მან დამამშვიდა და ცუდს ვერაფრს ვიტყვი ამ რეჟისორზე, ნამდვილად, ძალიან დამეხმარა, რომ მაქსიმალურად გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.

მოკლედ, დაიწყო ტურები. მე გადავდივარ ტურიდან ტურში, ჩემთან ერთად ვინც აბარებენ, ისინიც ძალიან კეთილად არიან ჩემს მიმართ განწყობილები და თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდის. გამოცდა და საბოლოო ქულის დღეც დადგა. სიები გამოიკრა და ვხედავ, რომ გამსვლელ ქულამდე ორი ქულა მაკლია. ნამდვილად აღარ მიფიქრია, რომ რაიმე უსამართლობას ჰქონდა ადგილი და ჩავთვალე, რომ მე ვერ გავაკეთე გამოცდაზე რაღაც სათანადოდ. თან იმ რეჟისრომა შემომითვალა, რომ თეატრალურის სხვა ფაკულტეტზე ჩააბარე და მერე გადმოგიყვან ჩემს ჯგუფშიო. ამით საბოლოოდ ჩავთვალე, რომ მე ვერ გავართვი თავი გამოცდას და ჩემს ცოდნაშია პრობლემა. გაშვებულმა შესაძლებლობამ და მორიგმა მარცხმა დეპრესიაში ჩამაგდო.

გარკვეული პერიოდის მერე ვიგებ, რომ

ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შვიდი ოფიციალური საჩივარი იყო შესული. მთავარი პრეტენზია რეჟისორთან ჰქონდათ, რადგან მე მქონდა „გამოუსწორებელი“ ნაკლი (მათი აზრით), მათგან განსხვავებით და უსამართლობა იქნებოდა მე გავმხდარიყავი სტუდენტი, ისინი კი ვერა.

ფაქტის აღმოჩენამ, რომ ეს იმ ბავშვებმა გააკეთეს ჩემს წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც მთელი ეს პერიოდი ღიად და მეგობრულად ვიყავი, დიდი ტკივილი მომაყენა. იმდენად დამანგრია ამ ყველაფერმა, გადავწყვიტე, რომ მე არც თეატრალურში და არც არსად აღარ ჩავაბარებ. მართლაც 5-6 წელი არ ჩამიბარებია და ახლაღა ვსწავლობ სახვით ხელოვნებას თსუ-ში.

სხვათაშორის, ამ ფაქტის შემდეგ, დედაჩემმა განათლების სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას მიმართა განცხადებით. მათგან არანაირი რეაგირება ამაზე არ მომხდარა. თუმცა, რაღაც მაინც შეიცვალა. მახსოვს, შემდეგ წელს რუსთაველზე თეატრალურის წინ აღმოვჩნდი. გამოცდების პერიოდი იყო და რატომღაც იმ ჩამონათვალს გადავხედე, სადაც საუბარია, რას უნდა აკმაყოფილებდეს აბიტურიენტი თეატრალურში მოსახვედრად. ამ ჩამონათვალში პირველი პუნქტი იცით რა იყო?!

„აბიტურიენტს არ უნდა ჰქონდეს გ ა მ ო უ ს წ ო რ ე ბ ე ლ ი ფიზიკური ნაკლი!“...

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]