დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

არასამთავრობოები ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეს ეხმაურებიან

18:13 - 07 დეკემბერი 2017 hits 180

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ 30 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეზე ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებისთვის ხელისშეშლას.

ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი 4 ნოემბერს მოიკლა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადგილობრივ პოლიციაში დაიბარეს და ქურდობის გაუხსნელი ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ. თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად ხარაგაულის პოლიციამ დაიწყო, 5 დღის შემდეგ კი საქმე გამოსაძიებლად ქუთაისის საოლქო პროკურატურამ დაიქვემდებარა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) მიმდინარეობს.

ამირან კვირიკაშვილის მამას მიენიჭა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. იმავე საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს გარდაცვლილის ძმას, არჩილ კვირიკაშვილს. მისი განმარტებით, ხარაგაულის პოლიციაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, მის ძმასთან ერთად, მასაც აიძულებდნენ ქურდობის ფაქტების აღიარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპისთვის დაუდგენელი რჩება ძმები კვირიკაშვილების ადგილობრივ პოლიციაში დაბარების და რამდენიმესაათიანი დაყოვნების სამართლებრივი საფუძველი.

„საქმეში არსებული მასალები მიუთითებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ლეგიტიმური საფუძველი ამირან და არჩილ კვირიკაშვილის გამოკითხვისთვის, რაც აძლიერებს ამ საქმეში პოლიციელთა ბრალეულობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეებთან არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას“, - ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დირექტორი სოფო ვერძეული.

არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეტენზიები იმაზეც აქვთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმე, თვითმკვლელობიდან ხუთ დღეში, 9 ნოემბერს დაიქვემდებარა, მანამდე კი გამოძიებას ხარაგაულის პოლიციის სამმართველო აწარმოებდა. „არადა, კვირიკაშვილის თვითმკვლელობის დღიდანვე ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახი და ახლობლები ამ ფაქტს ადგილობრივ პოლიციაში გარდაცვლილის „დაკითხვას“ უკავშირებდნენ, რაც ადგილობრივი პოლიციის მიერ ამ საქმის გამოძიების კომპეტენციას გამორიცხავდა. გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში მაინც შსს წარმართავდა, რამაც ხელი შეუშალა დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას ამ საქმეში“, - აღნიშნავს სოფო ვერძეული.

მისივე თქმით, თავიდანვე ცხადი იყო ხარაგაულის პოლიციის დაინტერესება ამ საქმით, რაც ასევე დასტურდება მათ მიერ 5 დღის განმავლობაში წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით: „ამ დროის განმავლობაში, ხარაგაულის პოლიცია მუშაობდა თვითმკვლელობის საქმეში კონკრეტული, მათთვის ხელსაყრელი ვერსიის გამოკვეთაზე, რომელიც ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას მისი ჯანმრთელობის პრობლემებით და ეკონომიკური სიდუხჭირით ახსნიდა“.

მისივე თქმით, ასევე პრობლემურია ის, რომ ხარაგაულის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას ის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამირან და არჩილ კვირიკაშვილზე განხორციელებულ ზეწოლაში და ამავე დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ თვითმკვლელობის საქმეზე მათთვის ხელსაყრელი ვერსიის შექმნას და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი