იანვარი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

რა კავშირი აქვს ქისტაურში 31 წლის ქალის კომაში ჩავარდნას პოლიციელების რეიდთან

02:30 - 26 დეკემბერი 2017 hits 2061

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის გაუარესებას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიციელების ქმედებასთან. არანაირი კავშირი ჩხრეკის ჩატარებასა და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებას შორის არ არსებობს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 22 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც 31 წლის თინათინ შენგელია კომატოზურ მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. 

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ თემით დღემდე მიმდინარეობს გარკვეული სპეკულაციები და ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. სამინისტროს სახელით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა პოლიციელს ჰქონდა დეტალური ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა განეხორციელებინა საპოლიციო კონტროლი და რაც ყველაზე მთავარია, კახეთის ინციდენტზე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არ შეესაბამება სიმართლეს. პოლიციელები სასამართლოს განჩინებით შევიდნენ ბინაში, არსებობდა ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი და საუბარი იმაზე, რომ იქ პოლიციელებმა რაიმე უფლებამოსილებას გადაამეტეს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ეს ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩხრეკის მონაწილეებს განემარტათ მათი უფლებები და გასაგებია, ძალიან ვწუხვარ, რომ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიციელების ქმედებასთან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 25 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადების გაკეთებისას ის აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგებს ეყრდნობა.

მინისტრის მოადგილის მიერ „იმედის 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ საერთო ეროვნული ტელეკომპანიების კახეთის რეგიონულ კორესპონდენტებს დაურეკა. ცხადაძემ მათ უთხრა, რომ თუ ისინი ქისტაურში ავიდოდნენ, გივი ხოსიაშვილი განცხადებას გააკეთებდა, რომ მისი რძალი ავად საღამოს გახდა და ოჯახს პოლიციელებთან პრეტენზიები არ აქვს. რამდენიმე ჟურნალისტმა ხოსიაშვილებს მიაკითხა, მაგრამ გივი ხოსიაშვილი მათ არ შეხვდა.

სააგენტო „რეგინფომ" გამოარკვია, რომ გივი ხოსიაშვილისგან აღნიშნულის თქმას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ითხოვდნენ. იგივე მოთხოვნით მის შვილს, დავით ხოსიაშვილსაც მიმართეს, ვის სახელზეც ჩხრეკის დადგენილებაა გაცემული, მაგრამ დავით ხოსიაშვილი არ დათანხმდა უარყოს შემდეგი განცხადება: „გამთენიისას შეიარაღებული პოლიციელები ჯერ სახლის პირველ სართულზე, ჩემს ოთახში შემოვიდნენ. მეძინა. ხმაურზე გამეღვიძა. არავის არაფერი განუმარტავს. მარტო ის მითხრეს, ჩხრეკას ვატარებთ და ბევრი რომ არ ვიწვალოთ, გვითხარი, იარაღი სად გაქვსო. რა იარაღი, სანადირო თოფიც არ გვაქვს მეთქი. პოლიციელების მეორე ჯგუფი სახლის მეორე სართულზე ყოფილა ასული. იქ ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. მათაც ეძინათ. წამოყარეს, იქაც იარაღს ეძებდნენ, დაგვაწიოკეს. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა“.

ქისტაურში მომხდარ ფაქტზე საგენტო „რეგინფომ“ ინფორმაცია 23 დეკემბერს, საღამოს გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩხრეკის შესახებ დადგენილება 21 დეკემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძეს აქვს გაცემული, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილებიდან ირკვევა, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას. ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა ხოსიაშვილების საცხოვრებელ სახლში იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქისტაურში მომხდარ ინციდენტს 24 დეკემბერს გამოეხმაურა: „ცნობილი გახდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა. გენინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

სააგენტო „რეგინფომ“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, 22 დეკემბერს, რომელ საათზე დაფიქსირდა მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება სოფელ ქისტაურში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან გვაცნობეს, რომ გამოძახება დაფიქსირდა 09:29 საათზე. 11 წუთში, 09:40 საათზე ბრიგადა იყო შემთხვევის ადგილზე.

„პაციენტს, 31 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ჰიპოტენზია (დაბალი წნევა), ნევროტულობა, მძიმე ემოციურ ფონზე. ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გადაყვანილ იქნა ახმეტის სამედიცინო ცენტრში, - ამბობს მორიგე ექიმი.

ახმეტის სამედიცინო ცენტრში მოთავსების შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც რეანომობილით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი იმავე საღამოს, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და მას შემდეგ რეანიმაციაშია მოთავსებული. თინათინ შენგელია კომაშია და ექიმების დასკვნით, ტვინში სისხლის გაჟონვა აქვს, რაც შესაძლოა, ნერვიულობით იყოს გამოწვეული. ოჯახის ექიმის ინფორმაციით, თინათინ შენგელიას მანამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს ქისტაურში მომხდარი ფაქტი ოპერატიულად შეისწავლონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი