weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - სახალხო დამცველი

23:36 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ახალგორში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ ის ნაცემი იყო.

სახალხო დამცველი საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა. ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან).

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას”, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. დაკავებულები გადაჰყავთ ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

„ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ დაიშურონ ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა 23 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 22 თებერვალს ახალგორში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეზე დაგორდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს. ოსური მხარის მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან ორ საათში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]