weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი ღრმა შეშფოთების მიზეზია - ფედერიკა მოგერინი

22:30 კვირა, 25 თებერვალი 2018

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებას, მათ შორის ერთ-ერთის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ფედერიკა მოგერინის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველია.

„სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება, ღრმა შეშფოთების მიზეზია.

ჩვენ ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და მისიის ცხელი ხაზის ფარგლებში.

პატიმრობიდან საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ, მოველით, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება დაუყოვნებლივ მისცემს მათ საშუალებას, გაემგზავრონ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხაზს უსვამს, რომ საჭიროა შეიქმნას დამატებითი ზომები გამჭვირვალობისთვის და ნდობის ასამაღლებლად.

ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე, მონიტორინგის მისიის მუშაობით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი). საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ნაცემი იყო და ის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით, დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა. გარდაცვლილის ცხედარი ჯერ არ გადმოუციათ. დანარჩენი ორი დაკავებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მათ ჯერ არ აძლევენ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]