weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა

13:52 შაბათი, 20 მაისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომდევნო სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალძის უფლებებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინდელი სასამართლო სხდომა ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პროტესტის მიზეზი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

„ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისკენ. სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ. სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისთვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზს პროკურატურა ინტიმური ვიდეომასალით აშანტაჟებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  ემუქრებიან ბრალდებულს პირადი ინფორმაციით, ანუ ინტიმური ვიდეომასალით - ეს არის შანტაჟი. მისი პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი ოჯახი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არც დევს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, საქმეში დევს დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები, რისი გასაჯაროვებაც, მედიის მხრიდან შესაძლოა არასწორად მოხდეს.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად და საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დეკანოზ მამალაძეს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაც ედება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]