სექტემბერი 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

„ტატუნაშვილის ცხედრის გადაუცემლობა არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს“

13:21 - 14 მარტი 2018 hits 539

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც რუსეთისა და ცხინვალის საზოგადოებას, პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებენ, მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას მიმართონ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლის გადაეცეს მის ოჯახს.

„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები: საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ებრაული, ასურული, ლატვიური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტური/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლები ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას იმის გამო, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღემდე არ არის გადაცემული მისი ოჯახისთვის.

ცხედრის გადაუცემლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ყველა ცივილიზებული ერისა და რელიგიის წეს-ჩვეულებებს და უნივერსალურ ღირებულებებს, მათ შორის უხეშად არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს, რითიც ყველა კავკასიური ეთნოსი ამაყობს.

მივმართავთ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ მოვუწოდოთ შესაბამისი გავლენის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.

ასევე, მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რათა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცივილიზებულ სამყაროს მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და შეიმუშაონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ქუტაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი. ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა 11 მარტს მიეცათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]