weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ქობულეთში მოგვარეების დაქორწინების გამო მათ მოკვლას ითხოვდნენ“

16:52 სამშაბათი, 22 მაისი 2018

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთი და იმავე გვარის ახალგაზრდების დაქორწინების გამო, გვარის უფროსები „სირცხვილის ჩამორეცხვის“ მიზნით, მათი მშობლებისგან, ორივე მათგანის მოკვლას ითხოვდნენ.  

„მომხდარით აღშფოთებულმა გვარის უფროსებმა მშობლებს მოსთხოვეს, გვარმა სირცხვილი რომ ჩამოირეცხოს, ორივე მოკალითო. ქალის მამას გვარის მოთხოვნისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბიჭის მამამ კი უარი თქვა - შვილს ვერ მოვკლავო. მერე შეთანხმდნენ, რომ ახლადშეუღლებულები აჭარაში აღარ იცხოვრებდნენ და დაატოვებინებდნენ იქაურობას“, - უთხრეს ადგილობრივებმა „რეგინფოს“.

„რეგინფოსთვის“ ცნობილია საქმის სხვა დეტალებიც, თუმცა კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, მათი მოყოლისგან თავს ვიკავებთ.

გვარის უფროსი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდების მშობლებს ახლადშეუღლებულების მოკვლა მოსთხოვეს. მეტიც, „რეგინფოსთან“ საუბარში გვარის უფროსმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები არც შეუღლებულან და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

იმავე სოფელში მცხოვრებმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე პირმა, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა, დაგვიდასტურეს, რომ მოგვარე ახალგაზრდები ნამდვილად შეუღლდნენ, რასაც მათი გვარის მხრიდან აგრესია მოჰყვა და მშობლებისგან ახალგაზრდების მოკვლას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, გამოძიებაც არ მიმდინარეობს.

„რეგინფოსგან“ საქმის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, სამინისტროში განმარტეს, რომ პოლიციის თანამშრომლები ორივე ახალგაზრდის მშობლებს შეხვდნენ, გამოკითხეს, რეაგირების ოქმი შეადგინეს და მუქარა არ დადასტურდა. სამინისტროს განცხადებით, ახალგაზრდები ამჟამად სხვა რეგიონში ცხოვრობენ.

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, როდესაც ხორციელდება დაქორწინების მსურველი პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება იმ მიზნით, რომ მან უარი თქვას მისთვის სასურველ პირთან ქორწინებაზე, დანაშაული დაკვალიფიცირდება კოდექსის 150-ე მუხლით, როგორც იძულება.

იძულება გულისხმობს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკური ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]