weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი კარავში ჩაატარა

23:57 ორშაბათი, 28 მაისი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულმა ქართული ენის მასწავლებელმა თეა გურგენიძემ, დღეს, სკოლის ქართული სექტორის მე-4 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარა.

თეა გურგენიძე სკოლიდან 21 მაისს გაათავისუფლეს.

„მე-4 კლასის ქართული სექტორის 26 მოსწავლიდან უმრავლესობა 22 მაისიდან სკოლაში აღარ მივიდა. მშობლებმა როცა გაიგეს, რომ სკოლიდან გამათავისუფლეს, ბავშვებს ხელი მოჰკიდეს და მთაში წაიყვანეს. სოფელში დარჩენილი ბავშვებიდან 17 მოზარდი დღეს აქციაზე იყო მოსული. სკოლაში მხოლოდ სამი მივიდა. აქედან ერთი დირექტორის შვილიშვილია, ერთი ბიძაშვილი და ერთი სასწავლო ნაწილის ახლობელი. აქციაზე იყვნენ მე-12 კლასის ქართული სექტორის ბავშვებიც, რომლებსაც სკოლა უნდა დაემთავრებინათ და ატესტატი აეღოთ, მაგრამ ვერ დაამთავრეს იმიტომ, რომ გამოცდებზე ჩაიჭრნენ. ქართული სექტორის 6 ბავშვიდან ატესტატი მხოლოდ 1-მა აიღო. ამ და სხვა პრობლემებზე რომ ვსაუბრობდი, იმიტომ გამათავისუფლეს“, - ამბობს თეა გურგენიძე.

სკოლის დირექტორის განმარტებით, ქართული ენის მასწავლებლის გათავისუფლების ბრძანება დისციპლინური კომიტეტის დასკვნის საფუძველზე დაიწერა, რომლის მიხედვითაც, თეა გურგენიძემ ბავშვებზე იძალადა. თეა გურგენიძე ბავშვების ცემას უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ეს არ არის მხოლოდ თეა გურგენიძის პრობლემა. საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი ნათესავებს არ უნდა ასაქმებდეს სკოლაში იმ დროს, როცა კვალიფიციური კადრები უმუშევრები არიან“, - აღნიშნა პედაგოგმა.

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე უარყოფს, რომ პედაგოგის გათავისუფლების საფუძველი პირადი კონფლიქტი გახდა. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა ჩაატარა და თეა გურგენიძის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაადასტურა.

„მშობლები, რომლებიც თეა გურგენიძეს უჭერენ მხარს, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვერ აცნობიერებენ სიტუაციის სიმძიმეს და ალბათ, თანდათან მიხვდებიან, რომ მოძალადე მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პედაგოგიური საზოგადოების წევრი. თეა გურგენიძემ ბავშვებს ვითომ გაკვეთილი ჩაუტარა კარავში, მაგრამ გაკვეთილი ვერ იქნებოდა, რადგან ნახევარსაათიანი მიტინგის მომხრეებად აქცია ისინი. მანდატურის სამსახურის მიერ დაფიქსირებული ძალადობის შესახებ 19 თებერვალს გახდა ცნობილი. ვიდეოკადრები გადაგზავნილი იქნა განათლების სამინისტროში და დაბრუნდა რეაგირებისთვის სკოლის დირექტორთან. კადრები აჩვენებს, რომ იყო ცემის ფაქტი. მიკვირს რატომ არ გამოითხოვთ და ნახავთ. მეოთხე კლასში ორ ბავშვს ცემა ერთსა და იგივე დროს“, - განაცხადა რესურსცენტრის უფროსმა.

კითხვაზე - თავად თუ აქვს ნანახი ბავშვებზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა, ამბობს: „არ მინახავს, არ ვარ კომპეტენტური პირი და თუ გამოვითხოვ, ვნახავ. იცით რატომ არ დამაინტერესა? მე ეს დანამდვილებით ვიცი იმ ადამიანებისგან, ვინც ნახეს. ამ ადამიანების ნდობა მაქვს და მე ვნახავ თუ ისინი ნახავენ, მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა მანანა ცუცქირიძემ.

იორმუღანლოს საჯარო სკოლაში, სადაც 1240-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, თეა გურგენიძე 12 წელი ასწავლიდა. აქედან 10 წლის განმავლობაში ის იორმუღანლოში ცხოვრობდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, მშობლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სოფელ პატარა ჩაილურიდან უწევდა სიარული. თეა გურგენიძის ინიციატივით გაიხსნა სკოლაში მე-12 კლასის ქართული სექტორი, სოფელში ქართულენოვანი ბაღი, გასულ წელს კი ქართულმა ბიბლიოთეკამაც დაიწყო ფუნქციონირება.

თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლება სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ჯერ კიდევ 5 მარტს გააპროტესტეს. პროტესტის საბაბი გახდა თებერვლის ბოლოს სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის მიხედვითაც, გურგენიძის მხრიდან სკოლის მოსწავლეზე ძალადობა დასტურდებოდა და ის სკოლიდან უნდა გათავისუფლებულიყო. საკითხზე იმსჯელა სამეურვეო საბჭომ, რომელმაც ძალადობა ვერ დაადგინა. მოგვიანებით, სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეისწავლა და ხარვეზების გამო უფლებამოსილება შეუწყვიტა, საბჭოს გადაწყვეტილება კი გააუქმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]