weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იძულებით ამოვიღეთ ბრალდებულის ოფლისა და ნერწყვის ნიმუში - შსს-ს განმარტება

10:48 სამშაბათი, 29 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა სოციალურ ქსელში „აჭარა PS“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც გადაცემის წამყვანი აცხადებს, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარზე იძალადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.

„საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებული ჯგუფურად თავს დაესხა ყ.თ.-ს და დ.თ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე - ერთ-ერთ დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს - სახის არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და ავტომანქანა.

ბრალდებული დაზარალებულებმა ამოიცნეს. ნ.გ.-მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობები ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე.

ნიმუშის აღება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა, რომლის ჩატარების უფლებამოსილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნიმუშის იძულებით აღების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. ამასთან, კანონი იძლევა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას.

ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისის N2 საპყრობილეში. ამასთან, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა იძულების ის ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად.

საგამოძიებო ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების, დასაშვებობაზე მიმდინარე წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებს მოსამართლე, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ამ თემაზე:

ბრალდებული კივის, ყვირის, მაგრამ პოლიცია კანონიერად მოქმედებდა - მეზვრიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]