weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება ჰქონდა

21:07 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა და ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განაცხადა, დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხვადასხვა ადგილზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ის აწამეს.

თამარ ავალიანის თქმით, არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს.

„დასკვნის მიხედვით, აღენიშნება 100-ზემოტეხილობა და დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ასევე საუბარია იმაზე, რომ დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული და თოთოეულ ადგილას ზოგჯერ 38 და მეტი დაზიანება აქვს. რა თქმა უნდა, მე შემიძლია ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები“, - განაცხადა თამარ ავალიანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ნაკლოვანია: „პრობლემა არის ის, რომ სრულყოფილად არ არის აღწერილი ყველა დაზიანება. მაგალითად ცხვირი ფაქტობრივად მიკერებული ჰქონდა. შუბლზე, როგორც ოჯახი ამბობს, ჰქონდა დაჭდევი. ოჯახი ფიქრობს, რომ ეს ნატყვიარი იყო და ეს დაზიანება უნდა აღწერილიყო. გარდა ამისა, მარცხენა საფეთქელი შეზნექილი ჰქონდა და ესეც არ არის ასახული დასკვნაში“.

თამარ ავალიანის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზები განმარტებული იქნება კომისიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ აგვისტომდე უნდა მოამზადოს. იურისტებს აღნიშნული დასკვნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრის წარსადგენად სჭირდებათ.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი და საქართველოს საპატრიარქო ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]