weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

14:45 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მაგდა პაპიძე პოლიციელების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებისა და არაეფექტურობის გამო ჩივის. სამართლებრივ დახმარებას მას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს.

მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ითხოვს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დაღვევა.

საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და დაკავების შემდეგ, მაგდა პაპიძე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა.  

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა/წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება  სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

„მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი.

მისივე თქმით, მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი.

„გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა  ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით. გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის  შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში. 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]