ივნისი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა გია ფაცურიას გინებისთვის ბოდიში მოუხადა

16:08 - 06 ივნისი 2018 hits 379

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვებით გინების გამო ბოდიში მოუხადა. ცაბუტაშვილი ფაცურიას დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვდა.

„შევხვდით და ვისაუბრეთ. მე, ეგ და ირინე იმერლიშვილი ვიყავით. მოსამართლის მიერ ჩემი გინების ფაქტზე საკონსტიტუციო სასამართლოში დისციპლინური წარმოებაც დაუწყიათ. მე ვაპირებდი, რომ მის მიმართ სასამართლოსთვისაც მიმემართა. რაც მქონდა სათქმელი, ვუთხარი. შეხვედრიდან კმაყოფილი გამოვედი“, - უთხრა „რეგინფოს“ გია ფაცურიამ.

„ისე შენი დედას შევე.., რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ“, - ასე მიმართა 28 მაისს, სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას, რომელიც „ფეისბუქში“ თავის პირად გვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აკრიტიკებდა, მათ შორის თამაზ ცაბუტაშვილს.

ფაცურიას განცხადებით, მისი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს მიმართა, თამაზ ცაბუტაშვილს აწერია, 10 თვეზე მეტი გავიდა, ვადა დაირღვა და სასამართლოს სარჩელი არ განუხილავს. ფაცურიამ ცაბუტაშვილს კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში „ცოცხალი მკვდრის“ (ალექსი ბახუტოვის) საქმეც გაუხსენა.

თამაზ ცაბუტაშვილმა დაადასტურა, რომ უცენზურო სიტყვების შემცველი კომენტარის ავტორი ნამდვილად ის იყო. „მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ? თვითონ უნდა მაგინოს? მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ, წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ პირველ რიგში არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი. როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი“, - უთხრა ცაბუტაშვილმა „გურია ნიუსს“.

იურისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, მოსამართლეებს თმენის ვალდებულება აქვთ მათ მიმართ სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკის გამო.

„მოსამართლეები შეზღუდული არიან საჯაროდ შეპასუხების შესაძლებლობით მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, მაგრამ

ძალიან ხშირად, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ასევე, სხვა ქვეყნებში, სასამართლოებს უთქვამთ, რომ საუკეთესო გზა მოსამართლის მხრიდან - უპასუხოს მის მიმართ განხორციელებულ კრიტიკას, ეს არის სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამიტომ, თავად მოსამართლეობის ტვირთი თავის თავში სწორედ იმის გაცნობიერებას გულისხმობს, რომ მოსამართლეებმა უნდა აიტანონ ასეთი კრიტიკა. მათ შორის შესაძლებელია მიუღებელი, გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი. ასეთია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი“, - აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, მოსამართლის მხრიდან უცენზურო სიტყვებით მიმართვა შეუფერებელი საქციელია. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი ითვალისწინებს მოსამართლის შეუფერებელი ქცევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მხრიდან, მაგრამ ამ პროცედურასთან დაკავშირებით ცხადი გადაწყვეტილებები ან პრაქტიკა, რომელიც მომცემდა საშუალებას ვივარაუდო რას გააკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო, არ არის. ამიტომ გამიჭირდება ზუსტი თქმა მოლოდინების შესახებ, როგორ მოიქცევა საკონსტიტუციო სასამართლო“, - განუცხადა გიორგი მშვენიერაძემ „რეგინფოს“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ მან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]