weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 45 წლის მერაბ მორჩაძე დააკავეს

18:09 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს ზემოქმედების განხორციელებას გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე და სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი საავადმყოფოში. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

მკვლელობის საქმეს სასამართლო 4 თვის განმავლობაში იხილავდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე დაყრდნობით სასამართლო სხდომები დახურული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ, გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე.

დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებს მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა, პარლამენტმა კი საგამოძიებო კომისია შექმნა. საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]