weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვინ არიან ქალები, ვისაც ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

16:40 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო 11 ქალს სასამართლოში უჩივლა.

დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეტანილი სარჩელის მოპასუხეები არიან თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“. მოპასუხეებს შორის არის ის ოთხი ქალიც, ვინც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ადვოკატის განმარტებით, მათი კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით, შესაძლოა სასამართლო სხდომები დაიხუროს.

„მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა, რომელიც დადგა, რომ Facebook-ის ჯგუფები იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან პასუისმგებელი იმაზე, რომ გადაწყვეტილება მიიღონ.

ძალიან სამწუხაროა ის, რომ მთლიანად ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართული. აქ ვარ იმისთვის, რომ სასამართლომაც დაადგინოს სტანდარტი და არა მხოლოდ ზვიად დევდარიანისთვის, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ქალებისა და კაცებისთვისაც იყოს გასაგები, რა სტანდარტი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]