weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

16:19 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის სახელით. საია-ს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ არ აირჩია, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ირაკლი შავაძე 2016 წლის 4 იანვრიდან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუდგა მოსამართლის მოვალეობის შესრულებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მან 2017 წელს უვადოდ გამწესების მოთხოვნით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 2018 წლის 14 და 15 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეავსეს შეფასების ფურცლები. საბჭოს ხუთი წევრის შეფასებით, ირაკლი შავაძე სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით ირაკლი შავაძემ 70%-ზე მეტი შეფასება მიიღო.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36.4 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმს პირი აკმაყოფილებს, თუკი: „სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია“.

მიღებული შედეგების მიხედვით, ირაკლი შავაძე აკმაყოფილებდა ორივე მოთხოვნას. ამის მიუხედავად, 2018 წლის 22 თებერვალს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, ირაკლი შავაძე საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ არ აირჩია.

კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა არის კანონით გაწერილი ობიექტური კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება მოსამართლის შესაფასებლად. უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილებაც კი, იმის მიხედვით უნდა იყოს მიღებული, აკმაყოფილებს თუ არა პირი როგორც კომპეტენტურობის, ისე კეთილსინდისიერების მოთხოვნებს. როცა უვადოდ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის მსურველი პირი ორივე აღნიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ ფარული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარს ეუბნება პირს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზე, საბჭოს არ ევალება იმის ახსნა, თუ რატომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამით იქმნება საბჭოს მხრიდან თვითნებობის, სუბიექტური და არაგამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების საფრთხე.

საია-ს მიაჩნია, რომ საბჭოს უფლებამოსილება, დაუსაბუთებლად უარი უთხრას უვადოდ მოსამართლედ დანიშვნაზე იმ მოსამართლეს, რომელიც აკმაყოფილებს როგორც კეთილსინდისიერების, ისე კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს. ამ კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია ადამიანის უფლება, უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ ეთქვას უარი სახელმწიფო სამსახურში საქმიანობაზე“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]