weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აფგან მუხთარლის ოჯახმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრემიერს უარი უთხრა

22:10 შაბათი, 03 ივნისი 2017
ლეილა მუსტაფაევა ლეილა მუსტაფაევა ფოტო © მარი ნიკურაძე, OC Media

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მისთვის და მისი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა. ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოვითხოვე და მაშინ მიპასუხეს, რომ "თქვენ სახიფათო საქმეებით ხართ დაკავებული" და უარი მითხრეს. ახლა შეიცვალა რამე? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების ამბიდან შოუს ნუ დადგამენ, უმჯობესია სამართალდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება“ - აღნიშნა მუსტაფაევამ ჟურნალისტებთან.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი არაადეკვატურად აფასებს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვას იმ ფონზე, როდესაც აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით კითხვები პასუხგაუცემელია.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი გაიტაცეს, ძალით ჩასვეს მანქანაში, გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და ამჟამად ის იმყოფება ბაქოს ციხეში. ამ პრობლემასთან არაადეკვატურია მისი მეუღლის მოქალაქეობის საკითხის განხილვა. მთავარი პრობლემა არის ის რომ ადამიანი გაიტაცეს. ჩვენ და ოჯახს გვაქვს კითხევი ამასთან დაკავშირებით და ველოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხებს",- აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა აფგან მუხთარლის საქმეს და პრეზიდენტ გიორგ მარგველაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა.

"მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ბაქოში, წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

აფგან მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით, ჟურნალისტი თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე გაიტაცეს. გამტაცებლები "ოპელის" მარკის ავტომანქანით იყვნენ, ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები და საუბრობდნენ ქართულად. მოგვიანებით მათ მუხთარლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს.

აფგან მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2015 წლის იანვრიდან ცხოვრობდა. მან აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, სადაც ხელისუფლება პროფესიული საქმიანობის გამო დევნიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]