weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურორების დასჯას ითხოვს

12:08 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე, გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურატურას მიმართავს. სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი.

საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვები. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით.

ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი:

გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა:

- არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას;

- არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია;

- არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები;

- არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;

- არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;

- არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა ;

- არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ისე გარეშე პირებთან (გ.მ., ა.დ., ა.ს., თ.ჩ., დ.ღ., ლ.კ., თ.კ., მ.ს., მ.ს.–ს მეუღლე);

- გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.;

- გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.;

- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი-დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);

- არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის;

- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დ.ღ. – იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;

- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. – იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა;

- გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა;

- არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს გამოძიებამ იცოდა დაზიანების შესახებ და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;

- არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ.

ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში წარმოდგენილია ის ძირითადი ხარვეზები, რომელთა ჩაუტარებლობა, დაუსაბუთებელი პასუხების გამო, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოშობს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ გამოძიების ტაქტიკა არ იყო ეფექტური. შედეგად მივიღეთ არაეფექტური გამოძიება, რაც ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის საფუძველია.

სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესასრულებლად.

სახელმწიფომ, აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯები გადადგას საიმისოდ, რომ გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს ყველა ის პირი, რომელთა მიზანმიმართულმა და შეთანხმებულმა ან/და გაუფრთხილებელმა ქმედებებმა საბოლოოდ გამოიწვია სიცოცხლის უფლების დარღვევა.

ამ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი გულგრილობის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩამდენ დამნაშავეთა გამოვლენა სახელმწიფოს მიერ გონივრულად გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, რამდენადაც ამგვარ პასუხისმგებლობას არაეფექტიანი გამოძიების შემდგომი შემთხვევებისთვის პრევენციული გავლენა ექნება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები სახალხო დამცველს აცნობოს 20 დღის ვადაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]