weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს

23:32 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს. ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა დაახლოებით 8-საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკითხვის დეტალებზე საუბარი სურდა, მაგრამ გაუთქმელობის ვალდებულება ამის საშუალებას არ აძლევს.

„კითხვები იყო აბსოლუტურად ერთი და იგივე და არარელევანტური. ახალი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. მინდა, რომ იმ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, კომენტარი გავაკეთო, თუმცა ხელი გაუთქმელობას მოვაწერეთ. ეს ეჭვს ბადებს - რაიმე ისეთი დოკუმეტი ხომ არ არის წარმოდგენილი, თუმცაღა არ ყოფილა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში ჩემთვის არ იქნებოდა ცნობილი“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა კითხვას უპასუხა და სავარაუდოდ, კონკრეტულ საქმეზე მისი დაკითხვა დღეს დასრულდა: „ალბათ იმიტომ დასრულდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღარ მოვიდოდა, რადგან ეს იყო ძალიან დიდი სტრესი და ტრავმა“.

ბოლო ორ კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი სამჯერ დაკითხეს, მანამდე კი დაკითხვაზე პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებული განცხადების გამო იყო დაბარებული. რაც შეეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეს, ამ საქმეზე სასამართლომ განაჩენი 27 ივლისს გამოიტანა და 6 პირს პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, როგორც საგამოძიებო ორგანომ ადვოკატებს განუმარტა, გარკვეულ ნაწილში გამოძიება გრძელდება. მაჩალიკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საგამოძიებო ორგანოს დაკითხვის საფუძველი არ გააჩნია, რადგან დასმულ კითხვებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]