weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღება შესაძლოა გაურთულდეთ

12:58 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად შესაძლოა 35 000 დოლარის ნაცვლად, 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა გახდეს აუცილებელი. ამ საკითხზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და კანონმდებლებს მოუწოდა, კანონში შესაბამისი ცვლილებები რაც შეიძლება მალე მიიღონ.

კახა კალაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას ის გადასცემს სხვას, ბინადრობის ნებართვას ისიც მოიპოვებს.

ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებს სხვა პიროვნებებზე და ისინიც იღებენ ბინადრობის უფლებას, ატრიალებენ ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში უნდა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს სურს კანონში ცვლილება განხორციელდეს, რის შემდეგაც 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა.

„გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება შეუძლებელი იქნება“, - განმარტა კალაძემ.

რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, კახა კალაძემ ამ მიმართულებით განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

„მოქმედი წესით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას, ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. აქაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი ინიციატივა არის 300 000 ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს 5-წლიანი ბინადრობის უფლებით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კანონში ხარვეზის გამოსწორება, „ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]