სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ცხინვალში სასამართლომ თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

18:26 - 04 სექტემბერი 2018 hits 198

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა და მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების პროკურატურაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, მოსამართლე დაეთანხმა დაცვის მხარის მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის საბრალდებო დასკვნა მრავალი დარღვევით არის შედგენილი. კერძოდ, არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის ადგილი და გარემოებები, ასევე მისი ჩადენის დროს ბრალდებულის კონკრეტული ქმედებები, რაც მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს, მოსამართლეს არ მისცემს საშუალებას მეარაყიშვილის ბრალეულობა-უდანაშაულობაზე გადაწყვეტილება ობიექტურად მიიღოს.

ამასთან, მოსამართლემ ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება, რომელითაც თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა აკრძალული აქვს.

ახალგორის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება - საქართველოს მოქალაქეობის ქონის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამებას.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაეს სასამართლოში 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ ის მმართველი პარტიის ცილისწამებაში დაადანაშაულა, რაც მეარაყიშვილმა პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლად შეაფასა. აგვისტოში ერთი წელი გახდა, რაც თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა. სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]