weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიხურა

13:46 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018
ფოტოზე თამარ გამრეკელაშვილი ფოტოზე თამარ გამრეკელაშვილი

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში ჩატარდება. სხდომის დახურვის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა შუამდგომლობა იმით დაასაბუთა, რომ, ვინაიდან საქმე ოჯახურ დანაშაულს ეხება, სასამართლო სხდომებზე პირადი ინფორმაცია გაჟღერდება და არასრულწლოვნებიც დაიკითხებიან. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარე და ბრალდებულები - ვეფხია და თემურ ბაქრაძეებიც დაეთანხმნენ.

დღევანდელ სხდომაზე თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძე დაიკითხება.

„გამოძიებისთვის ყველანაირი ინფორმაცია უკვე მიწოდებული მაქვს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ბავშვები იქ იყვნენ და დანაშაულს უყურეს. იქ ბენზინიც იყო და ვეფხია ბაქრაძე ბავშვების დაწვას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. არამარტო მკვლელი და მოძალადე, ყველაზე აღვირახსნილი ადამიანია. ჩემზე რომ ძალადობდა, ამიტომ არ მინდოდა მასთან ცხოვრება“, - განაცხადა ნათელა გობაძემ.

თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ვეფხია ბაქრაძემ ქალს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გულმკერდისა და ყელის არეში, დანით მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და მამინაცვლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს. პოლიციამ ორდერი გამოწერა. შსს-ს ცნობით, თამარ გამრეკელაშვილმა პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა, მალევე კი პოლიციაში შეტყობინება შევიდა თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შესახებ.

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]