weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გარემოს დაცვის სამინისტრომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

22:59 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სასამართლოს თანხმობით სპეციალური მმართველი დანიშნა. სამინისტროს განმარტებით, არაერთი გაფრთხილების და დაჯარიმების მიუხედავად, კომპანიამ მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით მდგომარეობა არათუ გამოასწორა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.

„კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებისა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით, რაც საბოლოოდ დადასტურდა მიმდინარე თვეს განხორციელებული დათვალიერების შედეგად.

გაირკვა, რომ მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფასს სიტუაციას ქმნის.

შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი შუამდგომლობა, სამართლიანად დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და კომპანიაში შეყვანილ იქნა სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის ეტაპობრივ გამოსწორებაზე.

გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას არ შეუჩერა საქმიანობის ნებართვა და ლიცენზია, რაც თავისთავად აარიდებს ქვეყანას საწარმოო პროცესის შეჩერებას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, არ ემუქრება დათხოვნა მომუშავე პერსონალს და ეტაპობრივად, კომპანიის სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნება გეგმა-გრაფიკი სიტუაციის გამოსწორებისათვის.

სპეციალურ მმართველად, წარდგენილ და დანიშნულ იქნა ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება ს.ს „ფეროშენადნობთა ქარხანა“ მუშაობისა, იგი კარგად იცნობს ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ პრობლემებს და ვფიქრობთ, დროულად შეძლებს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის ეტაპობრივ გამოსწორებას ჭიათურასა და ზესტაფონში.

დღეს, როდესაც საქართველოს აქვს პრეტენზია იყოს ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი და დაიცვას ადამიანი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისგან, ყველა კომპანიამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ საქმიანობისას, გარდა კომერციული მოგებისა, სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხები უნდა მოაწესრიგონ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]