weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

1300-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა ბრიტანეთში ფოცხვერი დაბრუნდეს

13:43 პარასკევი, 14 ივლისი 2017

1300-წლიანი გაქრობის შემდეგ შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბრიტანეთის ტყეებში ფოცხვერი დაბრუნდეს. ბრიტანულმა კონსერვაციის ორგანიზაციამ Lynx UK Trust, რომელიც ბრიტანეთის კუნძულებზე ევრაზიული ფოცხვერის პოპულაციის განახლებასა და შენარჩუნებაზე მუშაობს, განაცხადა, რომ ორწლიანი საკონსულტაციო პერიოდის შემდეგ ნორთუმბერლენდის საგრაფოში მდებარე კილდერის ტყეში ექვს ფოცხვერს გაუშვებს.

კილდერის ტყეში გასაშვები ფოცხვერები, რომელთაც GPS საყელურები ექნებათ და მომდევნო ხუთ წელიწადს დააკვირდებიან, შვედეთიდან ჩამოიყვანეს. ორგანიზაციის მხრიდან კილდერის მასიური ტყე მასში არსებული ირმების სიჭარბის გამო აირჩა, რადგან ფოცხვერი მეტწილად ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე ნადირობს. თავის მხრივ ბრიტანეთში ფოცხვერის გაქრობა მასზე ნადირობამ გამოიწვია, რადგან ადამიანები კატისებრთა წარმომადგენლებს ძვირფასი ბეწვის გამო კლავდნენ.

Lynx UK Trust-ის ექსპერტსა და მრჩეველს, დოქტორ პოლ ო’დონოჰიუს მიაჩნია, რომ ფოცხვერის დაბრუნება უაღრესად საჭიროა.

„ფოცხვერი აქაურია, ისევე როგორც ზღარბი, მაჩვი, გულწითელა ან შაშვი, ისინი დიდი ბრიტანეთის გარემოს დამახასიათებელი ნაწილები არიან, თანაც არსებობს მორალური ვალდებულება, რადგან ჩვენ ფოცხვერებს უკანასკნელ წარმომადგენლამდეც კი ბეწვის გამო ვკლავდით. ფოცხვერი უკვე მოამრავლეს გერმანიაში, ჰარცის მთებში, რომელიც „ფოცხვერის სამეფოდ“ იქცა, იგივე გვსურს კილდერის ტყეშიც. ბრიტანეთში ევროპული შველის (Capreolus capreolus) გადაჭარბებული რაოდენობაა, ჩვენ კი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ფოცხვერი უფრო მეტად, ვიდრე ფოცხვერს ვჭირდებით ჩვენ.“ - განმარტავს დოქტორი ო’დონოჰიუ.

ფოცხვერის რეინტროდუქციას ადგილობრივი ფერმერების სახით მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ, რომლებიც აღნიშნულ ზონაში ცხვარს ამრავლებენ და შიშობენ, რომ მტაცებელი სახეობა ცხვრის რიცხვს შეამცირებს, თუმცა ო’დონოჰიუს განცხადებით, ფოცხვერი არაა მგლის ან სხვა მტაცებელი ცხოველის მსგავსი მონადირე, რომელიც ფარას ღიად ესხმის თავს მინდორში, გარდა ამისა უკანასკნელი კვლევების თანახმად, ევროპაში ბოლო სამ წელიწადში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ფოცხვერმა ცხვარი მოინადირა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზით ინგლისსა და შოტლანდიაში უკვე მოამრავლეს თახვი, რომელიც „ნისლიან ალბიონზე“ მე-16 საუკუნის შემდეგ იყო გამქრალი და ფრინველის სახეობა სავათი (Otis tarda), რომელიც 2004 წელს მოაშენეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]