weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

2017 წლის ყველაზე წამგებიანი ფილმები - Deadline

12:29 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

პოპულარულმა ონლაინ გამოცემა Deadline-მა 2017 წლის ფინანსურად ყველაზე წარუმატებელი ფილმების სია გამოაქვეყნა. ხუთეულში, რომელიც ისეთი ფილმებით დაკომპლექტდა, რომელთა მიმართ ინტერესი დიდი იყო, თუმცა საბოლოოდ ისინი დაიწუნეს, პირველი ადგილი გაი რიჩის ისტორიულმა ფენტეზი ფილმმა „მეფე არტური: ხმლის ლეგენდამ“ (King Arthur: Legend of the Sword) დაიმსახურა.

გაი რიჩისეული მეფე არტურის კინოვერსიის ბიუჯეტსა და დისტრიბუციას 286 მილიონი დოლარი დასჭირდა, საპასუხოდ კი მხოლოდ 153 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. მძაფრსიუჟეტიანი ეპიკური ფილმი, რომელიც რეჟისორმა საკუთარ სტილში გადაიღო, გვარიანად აკრიტიკეს სუპერთანამედროვე ელემენტების დამატების, გადამეტებული რასობრივი პოლიტკორექტულობის, განსხვავებული სიუჟეტის, მსახიობთა ცუდი პერფორმანსებისა და სხვა მიზეზების გამო.

სიაში ახალგაზრდული, გასართობი, ფანტასტიკური კომედია Monster Trucks მოხვდა, რომელმაც 125 მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე მხოლოდ 64.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის, ტერი ჯორჯის მიერ სომეხთა გენოციდზე შექმნილ ისტორიულ დრამას ოსკაროსანი ქრისტიან ბეილის მონაწილეობამ ვერ უშველა. ანტითურქული სურათი სათაურად „აღთქმა“ (The Promise), სადაც მაყურებელმა სასიყვარულო სამკუთხედიც იხილა, გაქირავებაში სასტიკად ჩავარდა და 90 მილიონიანი ბიუჯეტით მხოლოდ 10.5 მილიონი მოაგროვა.

აღიარებული ჩინელი რეჟისორის, ჯან იმოუს ასევე ისტორიულ-ეპიკური ფენტეზი ფილმი „დიდი კედელი“, რომლის შექმნასაც მრავალწლიანი მცდელობა უძღოდა წინ, საბოლოოდ საკმაოდ დაწუნებული ფილმი გამოვიდა. ყველაზე ძვირადღირებული ფილმი, რაც კი ჩინეთში აქამდე გადაღებულა, მაყურებელმა და კინოკრიტიკოსებმაც არ დაინდეს და მეთ დეიმონთან ერთად გაკიცხეს. ბოქს-ოფისში 150 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე ფილმმა 335 მილიონიანი შემოსავალი ნახა, თუმცა საერთაშორისო პროექტის დისტრიბუცია ძვირი დაჯდა და საბოლოოდ ფინანსურ წაგებას ვერ გადაურჩა.

ხუთეულში ასევე მოხვდა რეჟისორ როლანდ ემერიხის მუდმივი კოლაბორატორის, დინ დევლინის ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი“, რომელმაც ბიუჯეტი დაფარა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ასევე დაკარგა 74 მილიონი დოლარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]