weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დაკავებულის ღირსების შელახვისთვის პოლიციის უფროსი მოხსნეს

11:20 პარასკევი, 23 ივნისი 2017
შოთა პაკელიანი შოთა პაკელიანი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ლიბერალმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია პოლიციის განყოფილებაში არაერთი პირის თანასწრებით შოთა პაკელიანის გაშიშვლება და ჩხრეკა.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის ცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

„ეს სამი ადამიანი, რომელიც გაშიშვლებას ესწრება, პოლიციის თანამშრომელი არ არის. ამ ნაწილში შეიძლება, ვისაუბროთ პაკელიანის ღირსების შელახვაზე. ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, როდესაც ამბობს, რომ ინტიმური, პირადი ჩხრეკა, როდესაც არის არასათანადო [პირობებში] ხშირ შემთხვევაში არღვევს ადამიანის ღირსებას და კონვენციით დაცულ მესამე მუხლს (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას)“, - ციტირებს „ლიბერალი“ იურისტ ანი ნასრაშვილის კომენტარს.

იურისტის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირად ჩხრეკაში, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს გაშიშვლებას, მონაწილეობს გასაჩხრეკი პირი და პოლიციის თანამშრომლები, ანუ ის პირები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ახორცილებენ.

„ლიბერალთან“ საუბარში იურისტის განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეომასალა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რადგან კითხვის ქვეშ დგება ჩხრეკის ოქმის სანდოობა, კანონიერება და საერთოდ, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია.

„ჩხრეკისა და დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ოქმი შედგა ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, ანუ თბილისში, გუმათჰესის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ოქმში აღნიშნულია, რომ პაკელიანის პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ღია შეფერილობის ქაღალდში გახვეული მოყავისფრო შეფერილობის მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება, რის შემდეგაც ქაღალდში გახვეული ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში  და დაილუქა. ლუქზე დაისვა თარიღი და გაუკეთდა ხელმოწერები.

ბრალდებული კი ამბობდა, რომ იგი მისი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ დააკავეს და შემდგომ პირდაპირ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაჩხრიკეს და გააშიშვლეს. ამ ვიდეოკადრებით კი დასტურდება, რომ ბრალდებულის ეს ნათქვამი შეესაბამება სინამდვილეს. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა 7 წუთში. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს ამავე ადგილზე [გუმათჰესის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე], იქვე დალუქეს და შეადგინეს ოქმი. შემდგომ კი პაკელიანი გადაიყვანეს განყოფილებაში. თუმცა ამ კადრებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პაკელიანის პირადი ჩხრეკა, გაშიშვლება მიმდინარეობს პოლიციის  განყოფილებაში. ამ კადრებიდან ასევე არ ჩანს როგორ ამოწმებენ მის ტანსაცმელს. თუკი ტანსაცმლის შემოწმების შედეგად რაიმეს ამოიღებდნენ, ეს უნდა წარედგინათ მისთვის, რაც ასევე უნდა გამოჩენილიყო კადრებზე“, - ამბობს ანი ნასრაშვილი.

ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„შოთა პაკელიანის მიერ  სასამართლოში  გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ  განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს, ქ. თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების მიმდინარეობისას, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები,  მათ შორის,  დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი.

ასევე,  შოთა პაკელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოში იხილება, დაცვის მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე  პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართული  ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და შესაბამისად, დაცვის მხარეს გადაეცა ხსენებული ჩანაწერები.

მოცემული ეტაპისთვის, საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩანაწერების ავთენტურობისა და მათზე ასახული პირების იდენტიფიცირების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]