weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო

10:51 პარასკევი, 21 ივლისი 2017

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ოთარ მიქელაძის ეზოში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მოხეში მეჩეთს სამუფთო სამმართველო და სახელმწიფო აშენებს.

მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი წლების მანძილზე ითხოვდა ამავე სოფელში მდებარე „სადავო ნაგებობის“ მათთვის გადაცემას. აღნიშნული შენობა 2007 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. 2014 წლის მაისში ადგილობრივმა მუსლიმებმა ადიგენის გამგეობას შენობის მუსლიმთა სამუფთოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართეს.

2014 წლის სექტემბერში ადიგენის გამგეობამ სოფელ მოხეს კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 22 ოქტომბერს კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას მუსლიმი მრევლის პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც აქციის მონაწილე 14 მუსლიმი დააკავეს. დაკავებულ პირებს აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მუსლიმების თქმით, სამართალდამცავები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „თათრებს“ უწოდებდნენ. მათივე თქმით, რამდენიმე დაკავებულს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც დაკავების პროცესში, ისე ადიგენის პოლიციის განყოფილებაში.

2014 წლის 2 დეკემბერს შეიქმნა ე.წ. „მოხეს კომისია“ რომელსაც ნაგებობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. საქართველოს სახალხო დამცველი და რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კომისიას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

2016 წლის ოქტომბერში მოხეში მუსლიმებმა ლოცვა სადავო შენობაში დაიწყეს. მალევე პოლიციამ შენობაში შესასვლელი გადაკეტა, რის შემდეგაც მუსლიმები პროტესტის ნიშნად, ყოველ პარასკევს „სადავო შენობის“ წინ ლოცულობდნენ.

2017 წლის 11 მაისს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი; ე.წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, როგორც „სადავო ნაგებობა“ და ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]