ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებულ პოლიციელებს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

16:16 - 11 აგვისტო 2017 hits 430
21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებულ პოლიციელებს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ ფოტო © Qartli.ge

ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, პატრულ-ინსპექტორები გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი - საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, რომელსაც Qartli.ge ავრცელებს, საპატრულო პოლიციის ათმეთაურის, ნუკრი ხაბელაშვილის მითითებით, პატრულ-ინსპექტორებმა გია სადაღაშვილმა და ზურაბ რუსიშვილმა, 2017 წლის 16 მაისს, ღამით, გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, სატვირთო მანქანით გზის სავალი ნაწილი ისე გადააკეტინეს, რომ მანქანის გასასვლელი არ დატოვეს.

პატრულ-ინსპექტორები 21 წლის ბექა ხახუბიას დევნას ახორციელებდნენ, რომელიც „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბექა ხახუბიას დევნისას ტრაილერი გვირაბიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე დააყენეს. დიდი სიჩქარით მიმავალმა ბექა ხახუბიამ გადაკეტილი გზის გვერდის ავლა ვერ მოახერხა და ტრაილერს შეასკდა. 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

როგორც საქმის პროკურორმა გორის სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე განმარტა, პატრულ-ინსპექტორების ქმედებით, საფრთხე შეექმნა სხვა მოქალაქეების სიცოცხლესაც - სატვირთოს გადაკეტილი ჰქონდა გზის ორივე ზოლი, ასევე სათადარიგო გასავლელი. ბექა ხახუბიას გარდა იმ დროს აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლოა სხვა ავტომობილსაც ემოძრავა. პროკურატურას მიაჩნია, რომ პატრულ-ინსპექტორების ქმედება არამართლზომიერია.

ბრალდებულების ადვოკატის ნოდარ ცინარიძის განცხადებით, პატრულ-ინსპექტორებმა ბექა ხახუბიას დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხაშურთან, ხახუბიამ საკუთარი ავტომობილი ქვეითად მდგომ პოლიციელებს მიუშვა და რომ არა ინსპექტორების დროული რეაქცია, ისინი შესაძლოა დღეს გარდაცვლილები ყოფილიყვნენ. ადვოკატის თქმით, არსებობს ამის ჩანაწერები.

„საქმე გვქონდა პოლიციის მიმართ თავდასხმის ფაქტთან. ასეთი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატა სატვირთო ავტომანქანით გზის გადაკეტვაში, სრულიად შეესაბამებოდა კანონს და საზოგადოებრივ სიკეთეს“ - ციტირებს qartli.ge ადვოკატის კომენტარს.

პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის წაუყენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება და თანამდებობებიდან მათი გადაყენება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განჩინებით, ბრალდებულებს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. მოსამართლემ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე.

გორის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com