weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში თხილის გარდა სიმინდიც დააზიანა

22:14 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებელი მწერის, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, მავნებელმა თხილის გარდა სიმინდი და სხვა კულტურებიც დააზიანა.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს უმეტეს რაიონებში თხილი თითქმის 80%-ით გაანადგურა. რადიოსთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა წელს სიმინდის მოსავალიც ვერ აიღონ.

"შეწამვლის მიუხედავად მასობრივად გაფუჭდა თხილი, რომელიც ჩვენთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ახლა კი იმის საშიშროება დგას, რომ სრულად განადგურდეს სიმინდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მშივრები დავრჩებით. არც ხილი ვარგა. რაც ასხია - გაფუჭებულია. არც ვეკარებით, გვეშინია, რომ ბავშვები მოგვეწამლებიან. ვითხოვთ, მოწამლონ, რომ რამე ეშველოს“, - ამბობს სოფელ კახათში მცხოვრები ლამარა ფაჩულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 10 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში დაახლოებით 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა, რამაც მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირა. მათვე ცნობით, აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ 30 000 ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებენ.

საკარანტინო მავნებელი, აზიური ფაროსანა - ყავისფერი, მარმარა სუნიანი ბაღლინჯო (halyomorpha halys) საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]