weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით პატიმრობა მიესაჯათ

13:43 ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს ბრალად ედებოდა შეკვეთით განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. ბრალდებულ ოლექსანდრ დამეტოვს კი გამოძიება შეკვეთით, განზრახ მკვლელობაში დახმარებას ედავებოდა.

ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები მკვლელობამდე 2 თვით ადრე, თბილისში კიევიდან ჩამოფრინდნენ და დაიწყეს მზადება შეკვეთის სისრულეში მოსაყვანად.

„მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საქმიანი შეხვედრიდან შინ დაბრუნებული ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც მას მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ფარიდ გურბანოვმა შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელიც მოგვიანებით ამოიღო გამოძიებამ.

სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლო განაჩენით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულებს ფარიდ გურბანოვსა და ოლექსანდრ დამეტოვს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდებულების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან მათ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და მათზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]