weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთის გზის გაწმენდა დილიდან დაიწყო

12:07 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. ლევან სულაკაურმა, რომელიც მეგობართან ერთად, ავტომობილით მთელი ღამე, ე.წ. ბოთლის წყაროსთან მცირე ზვავებს შორის იყო ჩარჩენილი, „რეგინფოს“ უთხრა, რომ აბანოს უღელტეხილის ჩათვლით გზა უკვე გაწმენდილია. უღელტეხილზე თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს. ტრაქტორი გზის გაწმენდას ე.წ. ციმბირის ტერიტორიაზე აგრძელებს. თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ 13–14 საათისთვის აღდგება.

„კიდევ კარგი საკმარისზე მეტი საწვავი მქონდა ავტომობილში. მთელი ღამე ღუმელი გვქონდა ჩართული. –4 გრადუსი ყინვა იყო. გუშინ, როცა პირველად დავრეკეთ, მაშინვე რომ გამოეგზავნათ ტრაქტორი გზის გასაწმენდად, დაღამებამდე გზის გახსნას შეძლებდნენ და მთელი ღამე ზვავებს შორის არ ჩავრჩებოდით“, – ამბობს ლევან სულაკაური.

გაუწმენდავი გზის გამო გუშინ თუშეთიდან ბარში ავადმყოფის გადმოყვანაც ვერ მოხერხდა, რომელსაც ორი დღეა ფარული სისხლდენა აქვს. თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, პაციენტს სტაციონარში მკურნალობა სჭირდება.

დღეს, დილიდან სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თუშეთის გზა უკვე გაიხსნა და სასწრაფო დახმარების მანქანა თუშეთში ასვლას უპრობლემოდ შეძლებს, რაც არასწორია.

ამასთან, ერთ–ერთი ონლაინგამოცემა იმასაც წერს, რომ პაციენტი მურნალობის კურსს ამ ეტაპზე ხეობის სოფელ ომალოში მდებარე სამედიცინო პუნქტში გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სინამდვილეში, 47 წლის მამაკაცი, რომელსაც სისხლდენა აქვს, სოფელ ქვემო ომალოში, მურმან იჭირაულის საოჯახო სასტუმროში იმყოფება. ომალოს ამბულატორიას მზის დაფაც კი არ აქვს, რომ შუქი ჰქონდეს და გადაუდებელ შემთხვევებში თუშეთის ექიმს თაბაშირის დადება ან ჭრილობის დამუშავება სანთლის შუქზე უწევს.

იგივე გამოცემა წერს, რომ „თუშეთში, ორ ზვავს შორის მოყოლილი ადგილობრივი ლევან სულაკაური სტიქიის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს“. „მთელი ღამე ისეთ ადგილზე გავჩერდით, რომ კლდეს ვეფარებოდით. გადაადგილება არ შეგვეძლო, რადგან ჩვენგან რამდენიმე ასეულ მეტრში, გზის ორივე მხარეს თოვლი იყო ჩამოშლილი. პრობლემა იმაშია, რომ გზა დროულად არ გაწმინდეს და იქ ამიტომ ჩავრჩით“, – ამბობს ლევან სულაკაური.

ამასთან, ეს გამოცემა, საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დილის 05:00 საათისთვის გზა გაწმინდეს და მამაკაცმა, რომელიც ჩამოწოლილ ზვავებს შორის საკუთარი ავტომანქანით მოჰყვა, გზის გაგრძელება შეძლო“. ლევან სულაკაურის თქმით, მან უღელტეხილთან დაახლოებით 11 საათისთვის მიაღწია, ის ავტომობილით უკან მიჰყვება ტრაქტორს, რომელიც გზას თოვლისგან წმენდს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]