weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძაღლების მომვლელის ცემაში ბრალდებული სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

17:07 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიუსაფარი ძაღლების მომვლელის, მატილდა მირზოევას ცემაში ბრალდებულ 22 წლის გიორგი ნადირაძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

42 წლის მატილდა მირზოევა, 28 აგვისტოს, სიღნაღის გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერიდან მიუსაფარი ძაღლის სახლში წაყვანას ცდილობდა, რა დროსაც მას 22 წლის მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„7 წელია რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო. მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. უფრო გაღიზიანდა. უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო“, – აცხადებდა მატილდა მირზოევა „რეგინფოსთან“ საუბარში.

პოლიციამ გიორგი ნადირაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიორგი ნადირაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]