weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სუს-ი არ ადასტურებს, რომ სპეცოპერაციის დროს ბინაში ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ

13:17 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ 21-22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ბინაში ქალი და ორი ბავშვი იმყოფებოდნენ.

უმარ იგიდოვმა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ სპეცოპერაციის ადგილას, დილის 5 საათიდან იმყოფებოდა და მისთვის ცნობილია, რომ ბინაში, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნე იყო, 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. უმაროვის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ოჯახი ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ იყო ჩამოსული.

„ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყვნენ. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები. იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. მე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებს და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს. რაც შეეხება სროლას, ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით არა“, - უთხრა „რეგინფოს“ უმარ იდიგოვმა. 

მისივე თქმით, ბინიდან ერთმა ბიჭმა და ქალმა ბავშვებით დილითვე მოახერხეს გაქცევა.

კონტრტერორისტული ოპერაცია 21 ნოემბერს გვიან საღამოს დაიწყო 22 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

დღეს, 23 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმე საერთაშორისო ტერორიზმის აქტს ეხება და გამოძიება სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

ბინა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, მერი ხანგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მერი ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრია და მეუღლესთან ერთად, თბილისში, ისნის რაიონში ცხოვრობს.  ხანგოშვილის თქმით, ის ბინას ფორმალურად ფლობს, ფაქტობრივი მეპატრონე კი სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბინა ასლანბეგ ჯაბრაილოვმა დაახლოებით ერთი თვის წინ, ნათესავის დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გააქირავა.

 

ამ თემაზე:

უმარ იდიგოვი - სპეცოპერაციისას ბინაში 5 ადამიანი იყო, მათ შორის 2 პატარა ბავშვი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]