weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტოლოშის სკოლაში უფროსკლასელებს 9 დღით ტელეფონები ჩამოართვეს და შეამოწმეს

15:39 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017
ტოლოშის სკოლაში უფროსკლასელებს 9 დღით ტელეფონები ჩამოართვეს და შეამოწმეს ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში, დირექტორის დავალებით უფროსკლასელებს 9 დღით მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პედაგოგები მოსწავლეთა ტელეფონებში, სკოლის ტუალეტში ბიჭების მიერ გოგონებისთვის გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ეძებდნენ. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემა სკოლის მოსწავლე გოგონას მონათხრობს ციტირებს: „ტუალეტში ყოფნისას დავინახე, რომ ერთ-ერთი უფროსკლასელი ბიჭი, ბიჭების ტუალეტიდან, ჭერთან ამოღებული კედლიდან ტელეფონით მიღებდა. გამოვვარდი ტუალეტიდან და ბიჭების ტუალეტში შევვარდი. ბიჭი ტუალეტის კუთხეში დამხვდა ჩაცუცქული. ფერი ჰქონდა დაკარგული. ტელეფონი ძირს ეგდო. ვუთხარი, რომ ეჩვენებინა, გადაიღო თუ არა და თუ გადაღებული ჰქონდა, წაეშალა სასწრაფოდ, მაგრამ არ მაჩვენა და წაშალა თუ არა, არვიცი. ეს ამბავი დირექტორს შევატყობინე“.

ინციდენტი 13 ნოემბერს მოხდა. უფროსკლასელი ბიჭი ამბობს, რომ მას ტუალეტში შესული გოგონა არ გადაუღია. გოგონა კი ირწმუნება, რომ მას თანაკლასელი ბიჭებისგან მანამდეც ჰქონდა გაგებული, რომ ისინი საპირფარეშოში გოგონებს ტელეფონით უღებდნენ. ამ ინფორმაციას უფროსკლასელი ბიჭები არ ადასტურებენ.

სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უფროსკლასელ ბიჭებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს, რასაც „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში პედაგოგი იულია ოთანაძეც ადასტურებს: „კი, ტელეფონები ჩამოართვეს ბავშვებს. გვინდოდა, გვენახა იქ რაიმე დაფიქსირებული ხომ არ იყო. დირექციის წარმომადგენლები იკვლევენ მაგას“.

რამდენიმე დღის შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლის დირექტორისგან ტელეფონების დაბრუნება მოითხოვეს, რაზედაც უარი მიიღეს. ერთ-ერთ მასწავლებელზე დაყრდნობით „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ სკოლაში მეორე ინციდენტიც მოხდა. ტელეფონების აღების მიზნით მოსწავლეებმა დირექტორის სამუშაო ოთახის კარი დააზიანეს. მოსწავლეები კი კარის დაზიანებას ასე ხსნიან: „დირექტორის ოთახთან ბევრი ბიჭი ვიყავით. ტელეფონების დაბრუნებას ვითხოვდით. უცებ ხელი მკრეს ბიჭებმა და კარი ამ დროს დაზიანდა. განზრახ არ გაგვიფუჭებია“.

სკოლის დირექტორმა მზია ზედგინიძემ მოსწავლეებს ჩამორთმეული ტელეფონები 9 დღის შემდეგ დაუბრუნა. უფროსკლასელი ბიჭების თქმით, მასწავლებლებმა ტელეფონში არსებული ფოტოებისა და ვიდეოების გარდა, შეტყობინებები და სოციალურ ქსელებში მათი პირადი მიმოწერაც წაიკითხეს.

სტატიაში „სამხრეთის კარიბჭე“ ყურადღებას უთმობს სკოლის ტუალეტების მდგომარეობას. გამოცემის ცნობით, მოსწავლეების საპირფარეშოებს კარი საერთოდ არ აქვს. ბიჭებისა და გოგონების ტუალეტების გამყოფი კედელი კი ჭერთან მთელ სიგრძეზე ამოღებულია. „სამხრეთის კარიბჭე“ ასპინძის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ვითარების გამო ტოლოშის სკოლის დირექტორს საყვედური უკვე ორჯერ აქვს მიღებული. სკოლის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს.

13 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს სკოლის დიციპლინური კომიტეტი იკვლევს.

იურისტების განმარტებით, სკოლის ადმინისტრაციის მიერ ბავშვებისთვის ტელეფონების 9 დღით ჩამორთმევის ფაქტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ.

ტოლოშის საჯარო სკოლაში 97 მოსწავლე სწავლობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]