ივლისი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

სუს-მა დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული

14:27 - 01 დეკემბერი 2017 hits 908

„ამერიკელი კოლეგების დახმარებით  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა 1 პირი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით.

20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი ამ სპეცოპერაციის დროს დაგვეღუპა.  დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა  წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოძიების ამ ეტაპზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების  პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე  მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით“, - განაცხადა გიორგობიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]