weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს

23:47 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარმა 2018 წლის იანვრიდან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ხანდაზმულთა სახლი, სადაც 8 მიუსაფარი მოხუცი ცხოვრობს, სექტემბრიდან დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. დახმარების გარეშე დარჩა კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები 20-ზე მეტი მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული მოხუციც. თავშესაფრის თანამშრომლები მათთვის შინმოვლის სერვისს ახორციელებდნენ.

მოხუცთა თავშესაფარი რუსეთის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან ახლოს მდებარეობს. ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებიც ძირითადად ამ სოფლებიდან არიან - ხურვალეთიდან, წითელუბნიდან, ახალი ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან და სოფელ შავშვებიდან.

თავშესაფრის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა. 2016 წლის გაზაფხულზე ხანდაზმულთა სახლის დაარსება გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. პროექტი, რომლის ფარგლებშიც თავშესაფარი ფინანსდებოდა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ბენეფიციარები ვერსად გაუშვეს. ბევრ მათგანს წასასვლელი არც აქვს. რამდენიმე ათეული მოხუცისთვის ეს თავშესაფარი ერთადერთი იმედია.

"ოთხი შვილი მყავს, სამი ბიჭი და ერთი გოგო. 7 შვილიშვილი მყავს, 3 შვილთაშვილი და მარტო დავრჩი. რაც დავბერდი და მუშაობა აღარ შემიძლია, არავის ვუნდივარ", - ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

 

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ხურვალეთის თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საჩუქრები გაუგზავნეს. ანსამბლ "ერისიონის" წევრები თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ადგილზე ესტუმრნენ და გაახალისეს. გორში მცხოვრები პედაგოგი მაია ბოლაშვილი მიუსაფარ მოხუცებს თბილ ქუდებს უქსოვს: "როცა მათი სურვილების შესახებ მოვისმინე, ვიფიქრე, ვიყიდი თბილ წინდებს, ქუდებს და გავუგზავნი მეთქი. მერე გადავწყვიტე თვითონ მომექსოვა, ასე უფრო მეტ სითბოს ვაქსოვ მათ მიმართ".

თავშესაფრის ადმინისტრატორის ნათია ბოლოთაშვილის თქმით, ახლა მათ ყველაზე მეტად ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ, თავშესაფარმა კი მომავალ წელსაც რომ იმუშაოს, დაფინანსებაა მოსაძიებელი.

დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თავშესაფრის ადმინისტრატორს ნათია ბოლოთაშვილს. ტელ: 593696116

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]