weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შესყიდვების სააგენტო - „სიტროენ ჯორჯია“ 4-ჯერ იყო შეყვანილი შავ სიაში

23:56 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017
ფოტოზე ლევან რაზმაძე, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფოტოზე ლევან რაზმაძე, შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება.

„2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი. ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი – 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ (ს/კ: 402033839).

შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №3 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც ამ პრეტენდენტმა გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა.

სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეტენდენტმა კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა.

საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც გამოხატულ იქნა შემდეგში:

სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები“.  

უნდა აღინიშნოს, რომ შიდა აღჭურვას, შპს „სიტროენ ჯორჯიის“ სატენდერო წინადადების თანახმად, ახორციელებდა შპს „ავტოსპეცპრომი“. შესაბამისად, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის შესახებ.

საგულისხმოა, რომ შპს „ავტოსპეცპრომის“ სახელზე გაცემული „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად“ ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე (ე. ი. იმ მომენტისათვის არ იყო ვალიდური), ისევე, როგორც არ დგინდებოდა 5-წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა, რაც გახდა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი და, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.

გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ შედეგად იგი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გამო ოთხჯერ იქნა დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

გუშინ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მისი სიძის კუთვნილმა კომპანია „სიტროენ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

გაჩიჩილაძის და „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატების განცხადებით, სამინისტროების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სულ რამდენიმე, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობენ, რაც კარტელური გარიგებაა.

გაჩეჩილაძის განცხადებებს დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად არის  დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გაჩეჩილაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]