weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საბავშვო ბაღს, სადაც მშობლის თქმით, აუტიზმის მქონე ბავშვი არ შეუშვეს, აუდიტი შეამოწმებს

15:18 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღს, სადაც ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გოგონა საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს, აუდიტის სამსახური შეამოწმებს. ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, აუცილებლად დადგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი დაუდევრობა, ან შეგნებული ქმედებაც მოკვლევის საფუძველზე დადგინდება.

ზუგდიდში მცხოვრებმა თეა ანჩაბაძემ, რომელსაც შვილი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინტეგრირებულ ჯგუფში დაჰყავს, გუშინ განაცხადა, რომ მისი გოგონა ბაღის დარბაზში არ შეუშვეს და საახალწლო ზეიმს კარის ჭუჭრუტანიდან უყურებდა.

„ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი „ვაი-პროფესიონალების“ დისკრიმინაციის მსხვერპლი. მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლის მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა. ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან. ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა. გამგემ ჩაკეტაო და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად „მოგვიგდო“ საჩუქარი. მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ“, - განაცხადა თეა ანჩიბაძემ.

სააგენტო „ლაივპრესთან“ ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ბაღის ადმინისტრაცია ასეთ ბავშვებს კარებს ხშირად ურაზავს.

„ეს ის ბაღია, სადაც ცოტა ხნის წინ ინტეგრირებული ჯგუფი შექმნეს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. პედაგოგები ძალიან კარგად მუშაობენ, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ კარებს ურაზავენ. როცა ასეთი ბავშვები მოგყავს, რომლებიც თავისებური ქცევებით და თვისებებით არიან, უნდა მიიღო ისინი ისეთებად, როგორებიც არიან. მათ კი უცხოპლანეტელებივით უყურებენ“, - უთხრა „ლაივპრესს“ თეა ანჩაბაძემ.

ბაღის გამგე ჯული ზაქარაიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, დარბაზს ალტერნატიული შესასვლელიც აქვს და მშობელს შესაძლებლობა ჰქონდა შვილთან ერთად ზეიმზე იმ კარიდან შესულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]