weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არასამთავრობოები და მწერლები საზმაუს რეფორმირებისთვის მოძრაობას იწყებენ

17:48 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მწერლების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის მოძრაობას იწყებენ და ხელისუფლებას 6 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო. მაუწყებლის მიმართსაზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას. 

ვაცნობიერებთ რა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხელმომწერი პირებივაანონსებთ მოძრაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6 პუნქტიან გეგმას, რომლის ფარგლებშიც მოვითხოვთ:

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას - საზოგადობრივი მაუწყებლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, შეხედულებები და ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე;
  2. საქართველოს პარლამენტში სამეურვეო საბჭოს წევრებისა და გენერალური დირექტორის დაბარებას - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა, რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას - ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდთან და უშუალოდ მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი არათანმიმდევრული და სადაო გადაწყვეტილებები. მათ შორის, მაუწყებლის რეფორმის ბუნდოვანი გეგმა, გაუმჭვირვალე საკადრო პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ტელევიზიიდან ჟურნალისტების უკონკურსოდ დანიშვნაში, საეჭვო ტენდერები, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, ევროპის ბიუროს დახურვა და ა.შ. ვასილ მაღლაფერიძის სახელს უკავშირდება ასევე მწერალ ზვიად რატიანის გახმაურებული საქმე, სადაც მაუწყებელმა უხეშად დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური სტანდარტები და გაავრცელა კონტექსტიდან ამოვარდნილი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურებოდა;
  4. საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის ახალი მენეჯმენტის საქმიანობას 2017 წლის პერიოდში - აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა შესაბამისობის ანგარიშმა, რომელიც 2015-2016 წლების პერიოდს  მოიცავს, გამოავლინა მნიშვნელოვანი ფინანსური და მმართველობითი დარღვევები, რომელიც ემთხვევა სამოქალაქო სექტორის შეფასებებს. ვინაიდან ახალი მენეჯმენტის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებები დასაბუთებული კრიტიკის ობიექტი გახდა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არაგეგმიური აუდიტი ჩატარდეს საზოგადობრივ მაუწყებელში და შესწავლილ იქნას გასული წლის საქმიანობა;
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება - მათ შორის სამეურვეო საბჭოს ინსტიტუციური ფორმირების წესის შესაძლო გადახედვას და საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების ცვლილებას - სამეურვეო საბჭოს და მისი საქმიანობის არსებული წესი ცალსახად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაბამისად, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენისაგან დაცვისა და ეფექტური ანგარიშვალდებული საბჭოს ფორმირების მიზნით აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სამეურვეო საბჭოს წევრების კვოტირებისა და არჩევის უკეთესი მოდელის შესაქმნელად;
  6. არ დაძლიოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, რომელიცმაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხება - საზოგადოებივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებები ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯაროობას, გამჭვირვალობას, ზრდის კორუფციის რისკებს და მნიშვნელოვნად ვნებს სარეკლამო ბაზარს. შესაბამისად, პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს ვეტო და სამოქალაქო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დაიწყოს მუშაობა იმ ცვლილებებზე, რომელიც რეალურად საჭიროა მაუწყებლის რეფორმირებისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია, ეკატერინე ტოგონიძე, ლაშა ბაქრაძე, ლევან ბერძენიშვილი,  ნინო დანელია, ნინო ივანიშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და სხვები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]