weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენს ხელისუფლებაში თავისუფალ მედიას ვერავინ შეეხება – გიორგი კვირიკაშვილი

12:32 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერავინ შეეხება.

„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული. ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას, ნამდვილად ვერ მივიღებთ ბრალდებებს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ, „იბერიას“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რაც მათი თქმით, მთავარ დამფინანსებელზე - „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით არის გამოწვეული. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები მიზანმიმართულად შეუქმნეს, რათა ტელეკომპანიამ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით მუშაობა ვეღარ გააგრძელოს.

„კომპანია „ომეგა ჯგუფი“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის მიმართ მიმართული უკანონო ქმედებები“, - ნათქვამია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებამდე, ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე „იბერიას“ წამყვანმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა. „არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების წყარო გადაუკეტოს ტელეკომპანია „იბერიას“ იმ ბიზნესკომპანიაზე ზემოქმედებით, რომელიც ტელეკომპანიის ძირითადი დაფინანსების წყაროა. არ მინდა ვიფიქრო, რომ დამოუკიდებელ მედიაზე და მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაზე“ სახელისუფლებო შეტევა მიმდინარეობს“, - აღნიშნა გამზარდიამ.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი ამბობს, რომ კომპანიას 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონების დარღვევის შედეგად. მისივე თქმით, სასამართლომ მათთვის მიყენებული ზიანი აღიარა, თუმცა ანაზღაურება არავისთვის დაუკისრებია. British American Tobacco-ს კორპორატიული მენეჯერი ზვიად სხვიტარაძე კომპანიის მიმართ ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ სასამართლო დავა აბსურდული იყო და 100 მილიონიანი ზარალი „ომეგა ჯგუფს“ არ მიუღია.  

ბოლო პერიოდში „იბერია“ მეორე ტელეკომპანიაა, რომლის ჟურნალისტებიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან „იყო სიგნალები, რომ არხს სამომავლოდ შეეცვალა შინაარსი“. მათივე თქმით, „ამ ეტაპზე „ტვ პირველისთვის“ ბარიერები მოხსნილია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]