weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქველმოქმედო ორგანიზაციები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

14:29 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ექვსი ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლებსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. პირველი ინიციატივის მიხედვით, 2019 წლიდან, საქველმოქმედო ორგანიზაციების, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, დაბეგვრის სისტემა ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავა. მინისტრის განმარტებით, ასეთი ორგანიზაციები შეძლებენ, გათავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან.

„მეორე ინიციატივა გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბიზნესისთვის ეს იქნება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით.

მესამე ინიციატივაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა, რომ გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვანად გაფართოვდება.

მეოთხე ინიციატივა - გასულ წელს ძალიან კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ჩვენ ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაიზრდება ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა ამ დარგში.

მეხუთე ინიციატივა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზიო გადასახადისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი.

მეექვსე ინიციატივა ეხება მოგების გადასახადის რეფორმას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ვადა გადავწიოთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საფინანსო სექტორისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]