weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რით დაეხმარნენ ლაგოდეხის მერი და მაჟორიტარი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს

18:06 კვირა, 25 თებერვალი 2018

1 ბოთლი ზეთი, 2 კილოგრამი მაკარონი, ამდენივე წიწიბურა და ბრინჯი, სარეცხი საშუალება და ასანთი - სულ ეს არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილისა და მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის მიერ, სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები 7 წლის საბა ბერიძისთვის და მისი მშობლებისთვის გაწეული დახმარება.

23 თებერვალს, ტელეკომპანია „ობიექტივმა“ გაავრცელა სიუჟეტი, სადაც ბავშვი ტირის, ამბობს, რომ მშიერია და დახმარებას ითხოვს.

„რეგინფო“ 24 თებერვალს, შაბათს, დილითვე დაუკავშირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ჯონდო მდივნიშვილს იმის გასარკვევად, მერიამ ოჯახს ერთჯერადი დახმარება მაინც თუ გაუწია. მერმა განმარტა, რომ სოფელში თავის წარმომადგენელს საკითხის შესწავლა დაავალა და რადგან არასამუშაო დღეები იყო, ინფორმაცია ორშაბათს ექნებოდა. მოგვიანებით მერი ბერიძეების მდგომარეობას მაჟორიტართან ერთად ადგილზე გაეცნო და ოჯახს დაახლოებით 30-40 ლარის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. 

ბერიძეების ოჯახი ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 1989 წლიდან ცხოვრობს. სტიქიური მოვლენების გამო ისინი აჭარიდან, ხულოს რაიონიდან გადმოასახლეს. ირაკლი და ანეტა ბერიძეებს ერთი შვილი ჰყავთ, 7 წლის საბა.

სახლი, სადაც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს, დაზიანებულია. ოთახებში მხოლოდ რამდენიმე ძველი საწოლი, მაგიდა, სკამი და ერთი ძველი ტელევიზორი დგას. ეზოში ფიცრული ბოსელია აშენებული. ბერიძეებს ერთი ძროხა ჰყავთ. სახლის გვერდით მდებარე ნაკვეთის მხოლოდ ნაწილია დამუშავებული, ცოტა ხახვი, ნიორი და კარტოფილი აქვთ დათესილი.

ანეტა ბერიძე ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას 4 წლის განმავლობაში იღებდნენ, ბოლოს ყოველთვიურად 157 ლარის ოდენობით, თუმცა 2017 წლის მარტში შეუწყვიტეს. „ძროხა გყავსო, ბოსელი გაქვსო, მიწა გაქვსო და მაღალი ქულა მომცეს. რაიონშიც ჩავედი და თბილისშიც, მაგრამ არ გეკუთვნისო. ერთი წლის შემდეგ შეგიძლია განმეორებით მოგვმართოო. მარტო ბავშვს აძლევდნენ 10 ლარიან დახმარებას და კვირაში ერთხელ მიდოდა მანქანა და მიჰყავდათ დღის ცენტრში“, - აღნიშნავს ანეტა ბერიძე.

ვიდრე დახმარებას იღებდნენ და შეწყვეტის შემდეგაც, ირაკლი და ანეტა თანასოფლელებს ფიზიკურად ეხმარებიან სასოფლო - სამეურნეო საქმეებში - მცენარეების დარგვა, ბოსტნეულის მოკრეფა, გადარჩევა, საქონლის მწყემსვა, შეშის დაჩეხვა და ა.შ. სამუშაოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ეძახიან, დღიური ანაზღაურება კი 20-25 ლარია. ჯანმრთელობას ირაკლიც უჩივის, ამიტომ მძიმე სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. ჰერეთისკარში ცხოვრების პერიოდში სამჯერ დაავადდა მალარიით. ჰერეთისკარი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს მდებარეობს. წლების განმავლობაში ჭიაურის ტყე დატბორილი იყო, ტყეში მალარიის გადამტანი კოღო გავრცელდა, რის გამოც ლაგოდეხის რაიონში მალარიის ბევრი შემთხვევაა აღრიცხული.

დღიურ სამუშაოებზე მთელი თვის განმავლობაში ირაკლიმ და ანეტამ 150 ლარი თუ მოაგროვეს, საბასთვის მედიკამენტებს ყიდულობენ.

საბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. გაჭირვების გამო ბავშვთა ექიმთან მიყვანა და ზუსტი დიაგნოსტირებაც ვერ მოახერხეს. ბავშვს ჩივილების მიხედვით სოფლის ექიმის დანიშნულებით მკურნალობენ. 5 დღეა, რაც საბა წამლების გარეშეა დარჩენილი.

დედის თქმით, დაახლოებით 3 თვის წინ, ზამთარში, როცა ფული ვერ იშოვეს და ბავშვი ერთი კვირა წამლების გარეშე დარჩა, ავად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საბა ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, იქიდან კი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო პირდაპირ თბილისში გაგზავნეს. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ საბა კლინიკიდან გამოწერეს ისე, რომ მისთვის არც შესაბამისი კვლევები ჩაუტარებიათ დიაგნოზის დასასმელად და არც მკურნალობა დაუნიშნავთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ტატა გამყრელიძის განმარტებით, ბერიძეების ოჯახის სარეიტინგო ქულა ცოტათი აღემატება 65 ათასს, რომლის ზემოთაც სოციალური დახმარება აღარ ინიშნება.

სააგენტოში მზად არიან, რომ თუ ბერიძეები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტაციას წარადგენენ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ახლიდან გადაამოწმონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]